Saturday, October 27, 2012

თბილისის თეატრი-ქარვასლა

1844 წელს კავკასიის მთავარმართებლად დაინიშნა გენერალ-ფელდმარშალი, დიპლომატი გრაფი მიხეილ ვორონცოვი (1782 – 1856). თბილისში ჩამოსვლისას მ. ვორონცოვმა მრავალ, სხვადასხვა სახის კულტურულ წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი. რადგანაც ქალაქს არ ჰქონდა სრულყოფილი თეატრი (მანამდე რუსული წარმოდგენები იმართებოდა მეფისნაცვლის სასახლის გვერდით, ყოფილ თავლაში, რომელიც თეატრის ასპარეზად იყო გადაკეთებული), ახალი თეატრის მშენებლობაზე დაიწყო ზრუნვა. თეატრის შენობის ასაგებად ამორჩეულ იქნა ერევნის მოედანზე (დღევანდელი თავისუფლების მოედანზე) არსებული ტერიტორია, რომელიც ეკუთვნოდა ქართველ თავადიშვილს ესტატე ციციშვილს. ესტატე ციციშვილმა “ორ დოშად და ორი კაცის საკაბეთ” გაყიდა მიწის ნაკვეთი.
რადგან თეატრის ასაშენებელი ბიუჯეტი ხაზინას არ გააჩნდა, გადაწყიტეს მისი აგება სავაჭრო დუქნების ქირის ხარჯზე. ვორონცოვმა დახურული ბაზაზხანის ვაჭრებს თხოვნით მიმართა, თეატრის ასაგებად შეექმნათ ამხანაგობა და ყველას შესაფერისი ფული გაეღო. შენობა უნდა ყოფილიყო ორსართულიანი, შიგ თეატრი, გარშემო კი მაღაზიები, სადაც ბაზაზხანის მოვაჭრენი იქნებოდნენ, ან შეეძლოთ მისი გაქირავება, ხოლო თეატრი თავისი შემოსავლით ქალაქის საკუთრებად უნდა დარჩენილიყო.
ბაზაზებმა (მეფართლეებმა) ვორონცოვს უარი შეუთვალეს: ჯერ ერთი, ზედმეტი ფული არ გაგვაჩნია, რაცა გვაქვს, ისიც აღებ-მიცემობასა და საქონელში გვაქვს დაბანდებული და მეორეც – ძველი თბილისიდან ზევით ამოსვლა ჩვენი საქმე არ არის, აქ შეჩვეული მუშტრები გყავს და გაკოტრებისა გვეშინიაო. მაშინ ვორონცოვმა მიმართა კერძო პირებს, რომელთაგან მხოლოდ თბილისელმა ვაჭარმა, გაბრიელ თამამშევმა გამოთქვა სურვილი იმ პირობით, რომ სანაცვლოდ უსასყიდლოდ გადაეცემოდა შენობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთი (1000 კვ. მ.).
თეატრის მშენებლობა 1847 წლის 15 აპრილს დაიწყო და ოთხი წლის მანძილზე გაგრძელდა, თუმცა პირობის ძალით სამი წლის განმავლობაში უნდა გათავებულიყო. მშენებლობის გახანგრძლივება განპირობებული იყო აქ ჩამდინარე სოლოლაკის ღრანტე ხევის წყლის გამო, რისთვისაც  საჭირო გახდა ქვიტკირის კედლების უფრო ღრმად ამოყვანა და მისი მთლიანად გადახურვა.




თეატრის მშენებლობას ხელმძღვანელობდა იტალიელი არქიტექტორი ჯოვანი სკუდიერი (1817 – 1851), რომელიც თბილისში 1845 წლის ბოლოს ჩამოვიდა მ. ვორნცოვის მოწვევით. 1846 წლის თებერვალში იგი თბილისის საქალაქო არქიტექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს, 1847 წლის აგვისტოში კი გადაიყვანეს მეფისნაცვლის კანცელარიის საკარანტინო ნაწილის არქიტექტორად.
თეატრის აშენება 1851 წლისათვის დასრულდა და მცირე ხანში იგი ქვეყნის კულტურული ყოფის უმნიშვნელოვანეს კერად გადაიქცა. ამიერკავკასიის მასშტაბით პირველი ოპერის თეატრი, რომელიც 800 მაყურებელს იტევდა, ფასადით და შიდა ინტერიერით იმხანად არსებულ ევროპის თეატრებს შორის არქიტექტურული იერით გამოირჩეოდა. კომერციული მიზნით მას დამატებული ჰქონდა მაღაზიები და სავაჭრო საწყობები, ამიტომ ხშირად უწოდებდნენ „ქარვასლას თეატრით“. თეატრის მშენებლობისას არქიტექტორებისა და მშენებლების მიერ გამოყენებულ იქნა ევროპული თეატრალური არქიტექტურის გამოცდილება – ე.წ. აივნიანი თეატრის ტიპი ღრმა სცენით.
თეატრის შენობა წარმოადგენდა ოთხსართულიან გეგმაში სწორკუთხა ნაგებობას ზომებით – 78 X 48 მ. მოედნის სამხრეთიდან (ე.ი. მერიის მხრიდან) ორსართულიანი, ხოლო ჩრდილოეთიდან სამსართულიანი იყო, რაც აიხსნებოდა მოედნის ნიშნულების სხვადასხვა დონით.
პირველ სართულზე მოთავსებული იყო 6 საცხოვრებელი ოთახი, 29 დუქანი და 11 ნელი სარდაფი. მეორე სართულზე – 29 დუქანი, 16 ნელი სარდაფი-საწყობი და ფულის გადასახურდავებელი ორი დუქანი. მესამე სართულზე – 19 მაღაზია, 80 შესანახი კარდა, ფულის გადასახურდავებელი ოთხი დუქანი. მეოთხე სართულზე 21 მაღაზია ანტრესოლებით. სულ 266 დიდი და მცირე ზომის სავაჭრო სათავსო იყო. შენობის ცენტრალური ნაწილი, მეორე და მესამე სართული ეკავა თეატრს ეკავა. ეს იყო მაყურებელთა დარბაზი სცენით – 47 მ. სიგრძის, 25,5 მ. სიგანის და 15 მ. სიმაღლის. იტევდა დაახლოებით 700 მაყურებელს (180 ადგილი – პარტერი, 22 ლოჟა პირველ იარუსში, 25 მეორე იარუსში, 250 ადგილი “ქანდარაზე”). მთავარი შესასვლელი მოედნის დასავლეთით მდებარეობდა. ფასადები და თეატრის ინტერიერი სრულიად არ შეესაბამებოდა ერთმანეთს. ფასადები იყო, როგორც მაშინ წერდნენ, „იტალიური არქიტექტურისა“, ხოლო თეატრის ინტერიერი – „აღმოსავლური ხასიათის”. ფაქტობრივად, შენობა ეკლექტიზმის ერთ-ერთი ადრეული ნიმუში იყო თბილისში.
ფასადების დამუშავებისას ჯოვანი სკუდიერმა გამოიყენა ქალაქ ვიჩენცაში ცნობილი ე. წ. ბაზილიკის არქიტექტურის მოტივები, რომელიც ეკუთვნის გამოჩენილ იტალიელ არქიტექტორს, ანდრეა პალადიოს, თუმცა იგი მორთულობით უფრო მარტივი იყო და განსხვავებული დეტალები ჰქონდა. მაყურებელთა დარბაზი და ფოიე გაფორმებული იყო მხატვრის, თავად გრიგოლ გაგარინის (1810-1893) ესკიზებით – არაბესკებით, ქუფური წარწერებით და ა. შ.

თეატრის მაშინდელი დირექტორი, რუსი მწერალი გრაფი ვლადიმერ სოლოგუბი 1851 წლის გაზეთ “კავკაზში” (N 29) წერდა: “…თავადი გაგარინი… მან კიდევ უფრო სრულჰყო თავისი ნიჭი და დასახლდა რა თბილისში, უკვდავყო სახელი ილუსტრაციებითა და სურათებით კი არა, არამედ მთელი ძეგლებით. სწორედ მან მორთო თბილისის ახალი თეატრი გაუმჯობესებული არაბული სტილით… მკვდარი კალამი უძლურია გამოჰხატოს ახალი დარბაზის მთელი წარმტაცობა, სიკეკლუცე და სიმშვენიერე. იგი მიაგავს სტორისა და მორტიმერის მიერ აღმოსავლური სურათების მიხედვით სხვადასხვა მინანქრისაგან გაკეთებულ ვეებერთელა სამაჯურს… როდესაც თეატრში შედიხართ, თქვენ გაოცებთ ქვედა იარუსის ლოჟები, რომლებსაც შემოვლებული აქვს თეთრი და ცისფერი ფართო არშია, ფაქიზად შესრულებული მკრთალ-იასამნისფერ ფონზე… ოქროცურვილ პლაფონზე… ჩამწკრივებულია მედალიონები: ესქილეს, სუდრაკის, შექსპირის, კალდერონის, მოლიერის, გოლდონის, გოეთესა და გრიბოედოვის სახელებით…”


1856 წელს თბილისში ჩამოსული ცნობილი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა თავის წიგნში “კავკასია” წერდა: “უნდა გამოვტყდე, რომ ვესტიბიულში შესვლისთანავე განცვიფრებაში მომიყვანა ორნამენტის სადა და დახვეწილმა სტილმა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს პომპეუსის თეატრის ვესტიბიულში შევედი. ზემოთა ფოიეში ორნამენტი არაბული ჩუქურთმით შეიცვალა. შევედით დარბაზში, რომელიც ფერიათა სასახლე გეგონებოდათ, არა მისი მდიდრული მორთულობით, არამედ იმით, რომ უფაქიზესი გემოვნებითაა შესრულებული. შესაძლებელია, იქ სულ ასი მანეთის ვარაყიც კი არ არის დახარჯული, მაგრამ უყოყმანოდ შეიძლება ითქვას, რომ თბილისის სათეატრო დარბაზისთანა თვალწარმტაცი დარბაზი ჩემს სიცოცხლეში არსად მენახა… ფარდა საუცხოოა (ისიც გ. გაგარინს ეკუთვნოდა): მოხატულობის ცენტრში აღიმართება ქანდაკების კვარცხლბეკი ზედ დახატული ჯგუფით, რომელიც მაყურებლისაგან მარჯვნივ წარმოადგენს რესეთს, მარცხნივ კი საქართველოს. რუსეთის ჯგუფში მოჩანს პეტერბურგი და ნევა, მოსკოვი თავისი კრემლით, ხიდები, რკინიგზები, გემები, ცივილიზაცია. საქართველოს მხარეზე მოჩანს თბილისი თავისი ციხის ნანგრევებით, ბაზრებით, წამოშვერილი კლდეებით, თავისი ბობოქარი, დაუოკებელი მტკვარით, სპეტაკი ცითა და მთელი თავისი პოეზიით. კვარცხლბეკის ძირში რუსეთის მხარეზე მოჩანს კონსტანტინეს ჯვარი, წმინდა ვლადიმერის დევნა, ციმბირის ბეწვები, ვოლგის თევზები, უკრაინის ხორბალი, ყირიმის ხილი, ესე იგი, რელიგია, მიწათმოქმედება, კომერცია, სიუხვე. საქართველოს მხარეზე მოჩანს საუცხოო ქსოვილები, შესანიშნავი იარაღი, ვერცხლის სევადიანი თოფები, სპილოს ძვლითა და ოქროთი დამშვენებული ხანჯლები, ვარაყიანი ხმლები, ოქროცურვებული ვერცხლის კულები, სადაფით მოჭედილი ჩონგურები, დოლები სპილენძის ეჟვნებით, შავი ხის ზურნა, ესე იგი, სამკაული, ომი, ღვინო, ცეკვა, მუსიკა…”

თეატრი საზეიმოდ გაიხსნა 1851 წლის 8 ნოემბერს გრანდიოზული მეჯლისით, რომელსაც თბილისის მაღალი საზოგადოება დაესწრო. რამდენიმე თვეში XIX საუკუნის ერთ-ერთ პოპულარულ პარიზულ გაზეთში “ილუსტრასიონი” (1851 წლის 25 ოქტომბერის ნომერი) დაიბეჭდა ედმონდ დე ბარესის ვრცელი სტატია თეატრის შიდა ხედის ორი სურათით. სტატიის ავტორი წერდა: – “ქალაქის ეს ერთადერთი თეატრი, რომლის ინტერიერი მთლიანად მავრიტანული სტილითაა გაფორმებული, უდავოდ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო ელეგანტურ, მოხდენილ და წარმტაც სათეატრო ნაგებობას, რისი აღქმაც ადამიანს შეუძლია.” 1851 წლის გაზაფხულზე თბილისში მოწვეული იყო იტალიური საოპერო დასი იმხანად ცნობილი დირიჟორის ბარბიერის ხელმძღვანელობით, რომელმაც სამი თვის განმავლობაში თორმეტი საოპერო დადგმა განახორციელა. ამასთან დაკავშირებით ორკესტრი გამდიდრდა ახალი საკრავებით, ნოტებით. თბილისში ჩამოვიდნენ და დამკვიდრდნენ უცხოელი ორკესტრანტები.
1851 წლის 9 ნოემბერს თბილისის პირველი საოპერო სეზონიც გაიხსნა. წარმოდგენილი იყო გაეტანო დონიცეტის “ლუჩია დი ლამერმური”. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, რომელსაც გრანდიოზული წარმატება ხვდა წილად, მასპინძლები ბარბიერის დასს და ოპერაში იმ საღამოს შეკრებილ საზოგადოებას მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ წამოუძღვნენ. ჭეშმარიტად სახალხო ზეიმად ქცეულმა სანახაობამ პირდაპირ მდინარე მტკვარში გადაინაცვლა, სადაც ტივებზე მოკალათებული ხალხი მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდა ოპერის თეატრის გახსნას თბილისში. არიებს იტალიური ოპერიდან დილამდე ენაცვლებოდა ადგილობრივი ქალაქური მუსიკის ჰანგები. პირველ წარმოდგენას მოჰყვა “ერნანი”, “ნორმა”, “სევილიელი დალაქი” და სხვა ოპერები.
ოპერის დასმა ისეთი წარმატებით დაასრულა 1851-1852 წლის სეზონი, რომ ვორონცოვმა საკმაო თანხები გამოჰყო დამატებით, რათა იტალიიდან კიდევ ჩამოეყვანათ სოლისტები და შეეძინათ საჭირო კოსტუმები. 1853 წელს თბილისში იდგმება აგრეთვე ბალეტი, რომელსაც მაყურებელი გაუჩნდა.

ამ შესანიშნავმა თეატრმა ახლად დადგმული საოპერო სპექტაკლებით მნიშვნელოვნად აამაღლა თბილისის კულტურული ცხოვრების საერთო დონე. თბილისელ მელომანთა შორის იტალიელი კომპოზიტორებიდან დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ბელინი, დონიცეტი, როსინი, ვერდი. ლამაზი საბალეტო სცენებით და ვირტუოზული ვოკალური ტექნიკის მდიდარ საოპერო სპექტაკლებს არ შეიძლებოდა არ მიეზიდა სანახაობებისადმი ემოციური დამოკიდებულებით გამორჩეული ტემპერამენტული აუდიტორია. მას ხიბლავდა მეიერბერის “ჰუგენოტები” და “აფრიკელი ქალი”, ჰალევის “კარდინალის ქალიშვილი”, ობერის “ფენელა”. მოგვიანებით თბილისში საოცარ დაინტერესებას იჩენდნენ გერმანული ოპერის, კერძოდ რიხარდ ვაგნერის მუსიკის მიმართ. შესანიშნავია ისიც, რომ ევროპაში შექმნილი ყოველი მაღალმხატვრული საოპერო თხზულება ერთი ან ორი წლის შემდეგ უკვე თბილისის ოპერის სცენაზე იდგმებოდა. თბილისი XIX საუკუნის მეორე ნახევარში ფაქტობრივად “ოპერომანიით” იყო შეპყრობილი. ამ გარემოებამ გადაწყვიტა საოპერო დასის შექმნაც, რაც აუცილებელი იყო სრულფასოვანი დადგმების განსახორციელებლად. ამ მიზნით 1852 წელს, უკვე მეორე სეზონზე მოიწვიეს რუსული საბალეტო დასი პეტერბურგიდან, რომელმაც 1852 წლის 5 ოქტომბერს მაყურებელს შესთავაზა ტალიონის ბალეტ “სილფიდას” II მოქმედების ნაწყვეტი და სხვადასხვა ცეკვები. ეს გახლდათ პირველი საბალეტო წარმოდგენა თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე. პირველი მთლიანი საბალეტო სპექტაკლი კი ბალეტმაისტერ მანოხინის მიერ დადგმული შმიდტის ბალეტი “გიტანა” იყო, რომლის პრემიერა 1894 წლის 18 იანვარს შედგა. თეატრი არ კმაყოფილდებოდა მხოლოდ საოპერო სპექტაკლებით და 1860 წლის ზაფხულში ორკესტრი შენინგის და კატანის დირიჟორობით კონცერტებსაც მართავდა იმხანად ყველაზე დიდ, მუშტაიდის პარკში, აგრეთვე თბილისის სხვა შენობებში.
ვიდრე გრაფი ვორონცოვი ავადმყოფობის გამო კავკასიას და მისი რეზიდენციის მთავარ ქალაქ ტფილისს დატოვებდა, იმპერატორს მისწერს: “არ შეიძლება არ გავიკვირვოთ ის გარემოება, რომ ექვსი წლის წინათ საქართველოში არამც თუ არც ერთი თეატრი არ არსებობდა, არამედ არც არავინ იქრობდა ასეთ სანახაობაზე, მიმდინარე წელს კი ტფილისში არსებობს 3 თეატრი და აქაურმა ხალხმა, რომელიც სხვათა შორის იოლად ითვისებს ყველაფერ მშვენიერსა და კარგს, იტალიური ოპერა აღფრთოვანებით მიიღო. მომსახურება, რომელიც ამ რამდენიმე ხნის წინათ ნახევრად ველური სპარსული მუსიკის ხმის გარდა, სხვა სიმღერებს არც კი იცნობდა, აღტაცებული იყო რომისნის, ბელლინის და დონიცეტის ოპერებით. ბევრ სახლში და წარმოიდგინეთ, ქუჩებშიაც კი ისმის იტალიური მუსიკის მოტივები და ბევრი სამხრეთელი ადგილობრივი “ტუზემცი” სშწავლობს სიმღერას და მუსიკას იტალიური ოპერის აქტიორებისაგან – ქალებისა და ვაჟებისაგან”.
ქართული თეატრი ტფილისში მოღვაწე რუს მოხელეთა უკმაყოფილებას იწვევდა. მიაჩნდათ, რომ თეატრი დიდად შეუშლიდა ხელს აბორიგენ ქართველთა საბოლოო გარუსებას, რაც, ცხადია, ეწინააღმდეგებოდა იმპერატორის კარის ფარულ ინსტრუქციას.
 

თეატრმა სულ 23 წელი იარსება. 1874 წლის 11 სექტემბერს თეატრ-ქარვასლას ხანძარი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. გრიგოლ ორბელიანი წერდა: “დაიწვა თამამშევის ქარვასლა და მასთან ჩვენი თეატრი… მხოლოდ იმ ღამეს შევიტყვეთ, რომ თბილისში არ ყოფილა პაჟარნი კამანდა. შეგროვდა მრავალი ხალხი და მწუხარებით შეჰყურებდა, როგორცა ადიოდა ალი ვარსკლავებამდის…”
იოსებ გრიშაშვილი წერს: “1874 წლის 11 ოქტომბერს “ერეანსკის მოედნის” მახლობლად დიდი ჩოჩქოლი ატყდა. ამ საღამოს თეატრში უნდა დაედგათ “ნორმა”. არტისტებს უკვე გრიმი ჰქონდათ გაკეთებული, რომ უცბად ქარვასლის შენობაში გაჩნდა ცეცხლი, პირველი ალი ამოვარდნილა ყაზაროვის მაღაზიიდან. ეს ყველას უკვირდა, რადგან მაღაზიები ადრე იკეტებოდა და, მთავრობის განკარგულებით, არასდროს სანთელანთებულნი არ ვაჭრობდნენ”.
როგორც შემდგომ გამოძიებამ დაამტკიცა, ქარვასლის ვაჭრებს მაინცა და მაინც როდი ეპიტნავებოდათ სავაჭრო სახლის შუაგულში თეატრის არსებობა. თურმე გაკოტრების მიზნით, ვინმე ყაზაროვს (თუ ლაზარევს) თავის სავაჭროში შუქი განზრახ დაუტოვებია… გაზეთი “დროება” წერდა: “გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ ცეცხლი თამამშევის ქარვასლას თავისით ან შემთხვევით არ გასჩენია, ზოგიერთმა გარემოებამ და მოწმეების ჩვენებამ დაარწმუნა გამომძიებელი, რომ ამ საქმეში ვაჭარი ი. ლაზარევი უნდა ყოფილიყო დამნაშავე” (დროება” 1874 წ., N 450). სასამართლომ ლაზარევს (თუ ყაზაროვს) “განჩინება” გამოუტანა და მიესაჯა ცხრა წელიწადი კატორღაში მუშაობა და შემდეგ სამუდამოდ ციმბირში გადასახლება.
ცეცხლისმქრობელი რაზმი, რომელიც ალმოდებული შენობის პირდაპირ იყო დაბანაკებული, მაშინვე გაჩნდა, მაგრამ მათ არ ჰქონდათ შესაფერისი ხელსაწყო-იარაღი: ორი კასრი და ორი მილი რა წამლად დაედებოდა დიდ შენობას! ამასთანავე ერთი მილი მაშინე გაუფუჭდათ, ხოლო სახანძრო კიბე სრულიად არ აღმოაჩნდათ. “ერევანსკის” მოედნის შუაგულში მოთავსებულ აუზში ცვარი წყალი არ იდგა და მეხანძრენი იძულებული გახდნენ პოლიციის საშუალებით მოერეკათ თბილისის თულუხჩები და მტკვრიდან წყალი ამოეტანათ. მართლაც თულუხჩებმა ძალიან გამოიდვეს თავი, მთელი 16 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ეზიდებოდნენ მტკვრის წყალს.
ერევანსკის მოედანთან უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი, რიგი სეირის საყურებლად მოსულიყო, რიგი ახლომდებარე სახლებს დარაჯობდა, რომ ცეცხლი არ გადასდებოდა; გრიმგაკეთებული არტისტები გარეთ გამოცვიდნენ და ზოგი რომაულ ტანისამოსში გამოწყობილი, ზოგიც ნახევრად ტიტველი, მიარბენინებდნენ თავიანთ გარდერობს.
თეატრი მთლად განადგურდა. ავეჯი, დეკორაციები, ბუტაფორია და ბიბლიოთეკა ცეცხლის ალმა შთანთქა და მოაოხრა. იქ სადაც სულ ცოტა ხნის წინათ სიხარული მეფობდა, ახლა მხოლოდ კედლების ჩონჩხებიღა გამოიყურებოდნენ საზარლად.
დამწვარი თეატრის აღსადგენად ორი წლის განმავლობაში ლაპარაკობდნენ პრესის ფურცლებზე. ქალაქის გამგეობამ საგანგებო კომისიაც გამოყო ქარვასლის მეპატრონეებთან მოსალაპარაკებლად, მაგრამ თამამშევმა კატეგორიული უარი განაცხადა: ქარვასლაში თეატრს აღარ ავაგებთო!”
1879 წელს ქარვასლის შენობა თეატრალური სათავსოს გარეშე აღადგინეს, რადგანაც ეს უფრო ხელსაყრელი იყო მეპატრონისათვის და ასევე იდგა 1934 წლამდე. შიგ უამრავი მაღაზია იყო. ერთ-ერთი ეკუთვნოდა განთქმულ მეყავილეს მიხეილ მამულაშვილს და სახელად ერქვა “სოლეიდორი” (“ოქროს მზე”). 1934 წელს მოედნის გაფართოების მიზნით ქარვასლა მთლიანად დაანგრიეს.
თენგიზ ვერულავა

Friday, October 26, 2012

დაიწყე?

დაიწყე?რახან დაიწყე ბოლომდე უნდა გახვიდე...
თოკი ცხრაჯერ რომ გაგიწყდეს მეათედ უნდა ახვიდე...
ჩანაცრდი?უნდა აალდე ...
ჭირია?უნდა გამაგრდე ...
გტკივა და უნდა გაუძლო...
დაეცი?უნდა წამოდგე ...
დამარცხდი?უნდა იბრძოლო ..
მოკვდე და მკვდარმაც იცოცხლო...

ცნობილი ქართველები: რომანტიკოსი ბიზნესმენი

"დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო შვილთაგანი, უნაკლო და კეთილშობილი საზოგადო მოღვაწე, ძველ თბილისელ მოქალაქეთა შთამომავალი, ევროპული განათლების მქონე, ქართულ წეს-ჩვეულებებზე აღზრდილი, გერმანიის უნივერსიტეტის ქიმიის დოქტორი, გახლდათ ის პიროვნება, რომელმაც წამოიწყო სამრეწველო წარმოება. იგი მხატვრული ლიტერატურის ფაქიზი დამფასებელი, პრაქტიკოსი საქმის კაცი და მოაზროვნე თეორეტიკოსი იყო", " წერდა გაზეთი "ზაკავკაზიე".
XIX საუკუნის 40-იან წლებში სარაჯიშვილების სავაჭრო სახლი ერთ-ერთი ძლიერი ფირმა იყო. სავაჭრო სახლს კომერციული ურთიერთობა ჰქონდა ჩრდილოეთ კავკასიის თემთან, რუსეთთან, უკრაინასთან, თურქეთისა და ირანის ქალაქებთან. ზოგიერთ ქალაქში საელჩოებიც კი ჰქონდათ.
დავითი 1848 წელს, აზნაურ ზაქარია სარაჯიშვილის ოჯახში დაიბადა. სარაჯიშვილების საგვარეულო მაშინაც ცნობილი იყო ქველმოქმედებითა და წარმატებული საქმიანობით. მამული სოფელ დიღომში ჰქონდათ, ასევე ფლობდნენ თბილისის ვრცელ შემოგარენ ტერიტორიებს. დავითმა დაწყებითი განათლება ჯერ კერძო, პაკეს პანსიონში, შემდეგ კი ვაჟთა კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო. ეს ის გიმნაზიაა, რომელსაც უკვე ცნობილი მეწარმე ყოველთვის ეხმარებოდა, მერე კი ანდერძად დიდძალი თანხაც დაუტოვა.
1866 წელს დავითი პეტერბურგში გაემგზავრა და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ერთი წლის შემდეგ ის უკვე გერმანიაში, ჯერ მიუნხენის, შემდეგ კი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას, რომელსაც 1871 წელს ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით ამთავრებს. საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში დავითი ჩაება ახალგაზრდა ქართველთა მიერ შექმნილი ორგანიზაცია "უღლის" საქმიანობაში. ორგანიზაციის დამფუძნებლები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ნიკო ნიკოლაძე, ვასილ პეტრიაშვილი, გიორგი წერეთელი... მათი მიზანი იყო საქართველოს გათავისუფლება და ეროვნული დამოუკიდებლობა. დავითს კარგად ესმოდა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის აუცილებელი იყო სამამულო მრეწველობის წარმოება. ამიტომაც საქართველოს სოფლის მეურნეობით დაინტერესდა. მან საფრანგეთში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა არყის, ლიქიორისა და კონიაკის წარმოების ტექნოლოგია.
როცა საქართველოში დაბრუნდა და გაეცნო ქართული ჯიშის ყურძენს, დარწმუნდა, რომ მისი ქიმიური შემადგენლობა და თვისებები საოცრად ჰგავდა ფრანგულ საკონიაკე მასალად მიჩნეულ ყურძნის ჯიშებს. დავითმა დაიწყო სპირტის გამოხდა ფრანგული წესით და სულ მალე გასაოცარი შედეგი მიიღო. შემდგომში წარმოების ყველა ეტაპი: სპირტის გამოხდის ფრანგული წესი, სპირტის დენატურაცია და დაძველება მუხის კასრებში " დავითის მკაცრი მეთვალყურეობით მიმდინარეობდა. XIX საუკუნის ბოლოს სარაჯიშვილის ფირმა 50-მდე დასახელების სპირტიან სასმელს უშვებდა, ხოლო XX-ის დასაწყისში 60-მდე დასახელების სასმელი გამოდიოდა.
დავით სარაჯიშვილს არყისა და კონიაკის ქარხნები ჰქონდა ერევანში, ყიზლარში, ბაქოში, ვლადიკავკაზში, ბესარაბიაში, ასევე კონიაკისა და ღვინის საწყობები ოდესაში, ვარშავაში, პეტერბურგში, მოსკოვში, კიევში, ვილნიუსში, რიგაში, ხარკოვში, როსტოვში, სამარასა და კიდევ ბევრ ქალაქში. სხვათა შორის, დავითის დისშვილი, გიგუშა ერისთავი, რუსეთის მეფის კარზე, უფლისწულ ალექსის სამხედრო აღმზრდელი იყო, მისი მეუღლე კი გახლდათ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი, მერი შარვაშიძე.
დავით სარაჯიშვილმა პირველმა შემოიღო 8-საათიანი სამუშაო (მანამდე 9-10-საათიანი იყო), ასევე ხელფასის შენარჩუნებით შვებულება, მუშებისათვის მოაწყო სასადილო, გახსნა ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი და რაც მთავარია, ანდერძში დაიბარა, რომ ქარხნებიდან შემოსული თანხები მუშების კეთილდღეობას მოხმარებოდა. დავით სარაჯიშვილი დიდ თანხებს ხარჯავდა ეკლესიების მშენებლობასა და თუ რესტავრაციაზე. დავითის ინიციატივითა და ასევე მისი სახსრებით აშენდა თბილისში ქაშუეთის ეკლესია, რესტავრაცია ჩაუტარდა სვეტიცხოველს, მცხეთის დედათა მონასტერს, იკორთის, მარტყოფის, თბილისის სამების, მთაწმინიდის, კალოუბნისა და კიდევ სხვა ეკლესიებს.
ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში დავითს გვერდში ედგა მეუღლე, ეკატერინე ფორაქიშვილი. სამწუხაროდ, მათ შვილი არ ჰყავდათ, თუმცა დავითი ამბობდა: "რას მიქვია უშვილობა? განა ყველა ბავშვი, მომავლის იმედად აღზრდილი, ქვეყნის საკეთილდღეოდ გაწვრთნილი, ჩემი შვილი არ არის?"
სარაჯიშვილმა ნიკო ცხვედაძის თავმჯდომარეობით დააარსა კომიტეტი, რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა ევალებოდა. დავითი მათ საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიებს უნიშნავდა. დავითის სტიპენდიანტებს შორის იყვნენ შემდგომში გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები: ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ია კარგარეთელი, კოტე ფოცხვერაშვილი, ვანო სარაჯიშვილი, გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, სოლომონ ჩოლოყაშვილი, კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე და მრავალი სხვა. იგი ასევე ეხმარებოდა აკაკი შანიძეს, გერონტი ქიქოძეს, თედო სახოკიას...
1911 წელს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, ქვეყნისა და ერის დიდი გულშემატკივარი კაცი გარდაიცვალა. მისმა ანდერძმა კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა საზოგადოება, " მისი მრავალმილიონიანი ქონება ქართველი ერის განვითარებას უნდა მოხმარებოდა. იაკობ გოგებაშვილმა თქვა, თავისი ანდერძით სიკვდილი დათრგუნა და ბრწყინვალე შარავანდედით შეიმოსაო.
მართლაც, გამორჩეული ადამიანი იყო, ქვეყნისა და ერის დიდი გულშემატკივარი, ქველმოქმედი და მეცენატი.
(სპეციალურად საიტისათვის)
მარინა ბაბუნაშვილი