დატვირთული და დახუთული ქუჩიდან ჩადიხარ ქვემოთ, ხალხის რაოდენობა მცირდება, მაგრამ იზრდება საინტერესო დეტალები, რომლებზე დაკვირვება რაღაცნაირად გიზიდავს.
ესკალატორი. საწინააღმდეგო მიმართულებით მიმავალი ხალხი, ყველა განსხვავებული. პეპელა გოგონები, თეთრ “საროჩკიანი” და “რუგზაკიანი” რამდენიმე ერთნაირი ბიჭი, დედა კიკინებიანი ბავშვით. ორი მოხუცი ქალი რაღაცას განიხილავს, ერთი გოგო პატარა სარკეში იყურება და პომადას ისწორებს, ტუჩების მოძრაობით რა თქმა უნდა.
ამ დაკვირვებაში გართულს ვიღაცა აუცილებლად დაგეჯახება, კიბეებზე ჩარბის. უკან კიდე ვიღაც გემრიელად მოკალათებულა ერთ-ერთ საფეხურზე.
მოკლე და საინტერესო პერიოდი მატარებლის მოლოდინში. რატომღაც სასიამოვნო სუნი, სულ კიდესთან დგომა სასიამოვნო მუსიკის ფონზე და წათამაშება სიმაღლის შიშთან, რელსებზე დაკვირვება.
ჰაერის სწრაფი მოძრაობის შეხება და ამისგან გაწეწილი თმა, ვერაფრით რომ ვერ იმორჩილებ.
რუსთაველი. შემდეგისადგური – მარჯანიშვილი.
ხალხით გაჭედილი ძველი ვაგონები.
ქერად შეღებილ ქალს ჩასძინებია. მის გვერდით დედა-შვილი სხედან. დედას ბავშვის სასკოლო ჩანთა მუხლებზე უდევს, გაშლილი ხელი ნიკაპქვეშ ამოუდია და ჩაფიქრებულა. ბავშვი ფეხებს აქანავებს.
“სმენადახშული” ადამიანები და ინტერესი მათი მუსიკისადმი. აბსურდული ვარაუდი, რომ არც ერთ მათგანს არ ექნება ერთი საერთო მუსიკაც კი.
ვაგზლისმოედანი. გადასასვლელიმეორეხაზზე.
გარბიან, გეჯახებიან… საპირისპიროდ და შენი მიმართულებით… ალბათ უმრავლესობას არც ეჩქარება და აქაც ბრბოს მომენტია – ერთი გარბის და დანარჩენები მიყვებიან.
ფეხს არ უჩქარებ, სეირნობა მეტროშიც სასიამოვნოა.
ბოლო წამს წასული ბოლო ვაგონი და ცხვირწინ დახურული კარი. არ განაღვლებს, რაღაცნაირად გიხარია კიდეც.
ორი გოგო “პადრუჩკით”. ერთს თეთრი, ფუშფუშა და გრძელი ქვედაბოლო აცვია, “საროჩკაც” თეთრი. დიდი, ლურჯთვლიანი საყურე უკეთია და თვალები წარბებამდე შეუღებია. თმები გადაუწევია და თავზე სათვალე “დაუბრძანებია”. ხელზე უცნაური ბიჟუტერია უკეთია, რომელიც არაჩვეულებრივად ავსებს დეფორმირებულ კლატჩს. გრძელი ქვედაბოლოს ქვეშ შავი ფეხსაცმელი ეფექტურად იმალება, მხოლოდ მის ფერს არჩევ და კვდები ინტერესით როგორია.
ხალხის რაოდენობა იზრდება და შესაბამისად დაკვირვების ობიექტთა რიცხვიც. მატარებლის მოსვლა და ჩაშლილი გეგმები, თვალის დახამხამებაში (ალბათ ამ სიტყვის ყველაზე ზუსტი მნიშვნელობით) შევსებული ვაგონები.
ფანჯარასთან დგები და საკუთარ გამოსახულებას აკვირდები. მალევე გბეზრდება და ცდილობ სხვა რამე შენიშნო სიბნელეში, ფანჯრის მიღმა. რაღაც თეთრი მილები, ბევრი… მეტი არაფერი.
ისევ ხალხი. კიდევ ის თეთრი გოგო, ფეხზე დგას და ფეხსაცმელს კვლავ თეთრი ქვედაბოლო უფარავს.
ჭაღარათმიან ბებოს თმები შუბლის მიდამოებში დაუმაგრებია და რუსულ გაზეთს კითხულობს.
არც ისე სიმპათიური წყვილი რამდენიმე თვის ბავშვთან ერთად მგზავრობს. ბავშვი მამის მუხლებზე არხეინად გადაწოლილა და გემრიელად სძინავს. დედა თვალს არ აშორებს.
მზერა, მწვავე. მისი პატრონის წამიერი შეფასებისთვის ჯერ ხელებზე, მერე რატომღაც ფეხსაცმელზე დაკვირვება. ორი მინუსი და ერთი ცალწარბაწეული მზერა. დამკვირვებელი ხვდება, რომ დროა სხვას დაუთმოს მისი მაღალი ყურადღება.
უცებ მოსული აზრი, რომ შენც შეიძლება იყო არამხოლოდ დამკვირვებელი, არამედ დაკვირვების ობიექტიც. ქვეცნობიერად იყურები ვაგონის ფანჯარაში, სარკის ფუნქციას რომ ასრულებს.
ცივი და გაყინული მზერა, უამრავი… ხვდები, რომ უკვე შეგიძლია უხერხულად არ შეიშმუშნო და არც სხვა მხარეს გაიხედო.
ერთ გაჩერებაზე მოსული მესიჯი და მეორე გაჩერებაზე გაგზავნილი პასუხი. ამ მესიჯისგან გამოწვეული ღიმილი და უფრო მეტი მზერა.
სასიამოვნო მელოდია ყურში, რელსებზე მოძრაობის ხმის ჩახშობის ფუნქციით.
ბოლო გაჩერება და გასასვლელში კიდევ ერთი გაბრძოლება სწრაფად მოძრავ ჰაერთან, ამის გამო კვლავ გაწეწილი და პირველივე ვიტრინაში გასწორებული თმა.
No comments:
Post a Comment