აქ ხშირად წვიმს და ყველაფერი მწვანეა.
საღამოობით კი, ყველაფერი მუქდება და მთელი დედამიწა ხდება ქლიავისფერი – როგორც გალაკტიონის “გურიის მთებში”.
უცნაური მიწაა – სველი და გრილი, მლაშე და ტკბილი ერთდროულად, დაფნის ბუჩქივით ხასხასა იუმორით გაჯერებული, ხშირად ცინიკური, აჩაქრებული კადრივით სასაცილო და ამავე დროს სევდიანია გურია…
მიუხედავად ამდენი იუმორისა, მივხვდი – მხოლოდ აქ, და არა დიდ და ასფალტიან ქალაქებში, შეძლებ წერო… ჩაწვდე და იპოვო, აღმოაჩინო და დაიმახსოვრო… იქნებ დასკვნასაც მიაგნო ან დაწერო ცხოვრების რეცეპტი, რომელიც თუნდაც ერთ ადამიანს გაუადვილებს, გაულაღებს ცხოვრებას… ჰო, ასეთი უცნაურია გურია…
დილით ცხელი რძე, ნაღებით, გაფიცხებული ხაჭაპური, თხილის ნედლი სუნი, აქა–იქ ბატების ყიყინი, მეზობლების სასაცილოზე სასაცილო სახელები და უფრო სასაცილო იუმორი… ჩუმი, ჩუმი შუადღე და ატამივით ვარდისფერი სამხარი… არცერთი კაფე და არცერთი გასართობი შენს ირგვლივ, მხოლოდ გზააბნეული მეზობლის ხბოს მოწყენილი ხმა შენს ნესტიან შუკაში… და ღელედან ჩერჩეტი ბაყაყების ყიყინი, რომლებიც სამუდამოდ ასცდნენ აზიური კულინარიის რეცეპტებში ჩახოხბვას…
მოდის საღამო და თითქოს არ მოდის… ხაჭაპურში ბლომად ჩაბუდებული ყველივით იწელება აქ დრო და გაქვს იმის დროც, რომ იტირო, ისე, როგორც ბავშვობაში – აუხდენელ ოცნებებზე… გაიხსენო და იქვე დაივიწყო ის, რაც იყო და ის, რაც არ იყო და ძალიან კი გსურდა, რომ ყოფილიყო…
აქ შეგიძლია ისუნთქო და იფიქრი ღრმად, იმაზე ღრმად, ვიდრე ჩემი ჭაა გათხრილი ეზოში და იფიქრო ყველაფერზე, რაზე ფიქრსაც ვერ ასწრებ თბილისში – საჭირო რაოდენობის ფულზე, ქართულ უცნაურ პოლიტიკაზე, მომავალ გეგმებზე, უსაქმურად გაცდენილ დღეებზე, შენი ოცნების იახტაზე – ხმელთაშუა ზღვის ნაპირებზე, არარსებულ ანგარიშებზე ფრანქფურტის ბანკებში, იდეალურ სიყვარულზე ან იდეალურ ცხოვრებაზე, რომელიც არ არსებობს, ან არსებობს და ჯერ კიდევ წინა გაქვს… ისე, როგორც ჩემი მეზობელი ლიანა ფიქრობს და ის უკვე 75 წლის არის… ამ დროს წვიმს, ან უკვე გადაიღო, ან იწვიმებს და არ გადაიღებს… მთელი სოფელი ღრუბელს უყურებს, რომელიც თხილის ბაღის ბოლოს ევკალიპტის მაღალი ხის ტოტებშია გაჩხერილი და სევდიან სისველეს ასხივებს…
მარტოობის შეგრძნება მძაფრდება საღამოობით, როცა ქრება მზე და როცა იცი, რომ სადღაც მარცხნივ უფრო თანამედროვე ბათუმია და კიდევ უფრო ბევრად მარცხნივ, მარცხნივ და მარცხნივ ლაღობს ევროპა, ლამაზი კაფეებით, ეიფელით და იახტებით…. ამ დროს გურული იუმორი გეხმარება, რომ არ მოიწყინო…
საღამოობით ეზოში ხმამაღლა ისმის ზღვის ქაფის ტყლაშუნი, ყველაფერი მლაშეა – ცრემლიც და ჰაერიც… თუმცა სიცოცხლე გრძელდება – ეზოში ტრიალებს ომბალოს სუნი… მე მაქვს წიგნების დიდი კარადა და თეთრი ბალიში, 0,5 გულიანი ფანქარი და რამდენიმე რვეული, მომწონს, როცა არ მძინავს და ველოდები… მაგრამ მაინც, როგორც ყოველთვის ღამის სქელ სიბნელეში მატარებელი აუცილებლად მოულოდნელად ჩაიყივლებს კუ–კუუუუ…. და ვითვლი ვაგონებს, ანთებულ ფანჯრებს….
ეს გურიაა, ზღვით, მზით, იუმორით და სევდით გაბღენძილი… და თუ ოდესმე არ გამოგიცდიათ გურიის გაღიმებული სიმარტოვე, უნდა იგემოთ…
http://pirveliculinary.com/
No comments:
Post a Comment