Thursday, May 23, 2013

საახალწლო მოთხრობა

                                                             საახალწლო მოთხრობა


ილია ჭავჭავაძე

მახსოვს, როცა პატარა ვიყავი, რა გულის ფანცქალით ვნატრობდი წინა-ღამე ახალის წლისა მალე გათენდეს-მეთქი. მე მახსოვს ეს წინა-ღამე, ეს წინა-ღამე ახალის წლისა ჩვენს პატარა სოფელში, საცა ბღარტებსავით გარს ვეხვიენით დედ-მამას ორნი დანი და სამნი ძმანი. იმ დღეს ჩვენთვის აღარც კაკანათი იყო, აღარც თოვლის გუნდა, აღარც თოვლში ხტომა და სირბილი.
თვალი და გული ხვალისაკენ მიგვირბოდა, ხვალეს ველოდით, ხვალე გვახსოვდა, ხვალეს ვნატრობდით. გარეთ რა გვინდოდა, როცა შინ იმოდენა ხილ-ხული და ტკბილეულობა გვეგულებოდა. შინ ოთახებში დავფუსფუსებდით: იქ იყო, რაც იყო. აქ ალვახაზსა ჰზელდნენ, იქ ნუშს და ნიგოზს არჩევდნენ გოზინაყისათვის, აქეთ უცეცხლო თაფლი თითს გვიქნევდა, მოდით პირი ჩაიტკბანურეთო, იქით დედა-ჩვენი ბუხარში თაფლს ადნობდა და თაფლი თითქო გვეუბნებოდა: დაიცადეთ ხვალამდე, დღეს მე თქვენთვის ვდნებიო. ჩვენ თვალებ-დაჭყეტილები ამაებ-შორის დავძვრებოდით და ბედნიერები ვიყავით, თუ როგორმე მოვასწრობდით და თითს ამოვავლებდით თაფლს. სიცილს, ხარხარს და დედის უგულოდ ტყუილად ჯავრობას ბოლო არა ჰქონდა. ჩვენც ვიცოდით, რომ არც დედა, არც მამა გულით არ გვიჯავრდებოდნენ და ხელებს ვაფაცურებდით, აცა რამ მოვიცხოთო სალოკავად.
ყველაზედ უფროსი ჩვენში თორმეტს წელს არ იყო გადაცილებული.
მას აქეთ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ბევრი რამ კარგი წაგვართვა და თან წაიყოლა. დაგვეხოცა დედ-მამა, მომიკვდა ორი ძმა, გადამეცვალა ერთი დაცა. დავრჩით ამ ქვენიერობაზედ მარტო ორნი და-ძმანი. ეხლა ერთსაცა და მეორესაც თმაში ჭაღარა გვირევია, და როცა ახალი წელიწადი მოდის, მინდა თუ არა, ცრემლიანის თვალით უკან მიმახედებს ხოლმე. ვხედავ ჩემს თავს ჩვენს პატარა სოფელში, ჩემს პატარა ფუნჩულა და-ძმებ შორის, ვხედავ, როგორ დაგვხარიან შვილებს დედა, მამა, როგორ შევხარით ბავშურის სიხარულითა დედას, მამას. მესმის ტრედივით უგუნური ტიტინი ჩემის პატარა დის, პატარა ძმისა, მომესმის ჭკუადამჯდარი, სიყვარულიანი ლაპარაკი დედი-ჩემისა, მამი-ჩემისა. დღეს ყოველივე ეს მარტო ტკბილი სიზმარია.
დღეს იქ, იმ პატარა სოფელში, საცა ამოდენა სახსოვარი აუგია ჩემს გულს, მარტო ხუთი სამარეღაა და ამ სამარეებში მარხია ყოველივე ის, რისთვისაც ეხლა გული მეწვის, გული მედაგება. იქ მარხია დედა, მამა, ორი ძმა და ერთი და, და ამასთან ერთად ჩემი ყმაწვილობაცა, ესე იგი, იგი ბედნიერება, რომელიც წავიდა და თავის დღეში არ მომიბრუნდება.
წავიდა ის ბედნიერი დრო და აღარ მოვა. წავიდა და გული ჰკვნესის რაღაც სხვანაირ ტკივილისა, რაღაც სხვანაირ მწუხარებისაგან, რომელსაც ზოგჯერ ადამიანი სიხარულზედაც არ გასცვლის ხოლმე. ტკბილია კვნესა ამ ტკივილისა, ტკბილია ცრემლი ამ მწუხარებისა. აქ კვნესა ნიავსავით აგრილებს გულის-წვასა და ცრემლი ჰნამავს გადამჭკნარ გულსა გამოსაცოცხლებლად. ვიღამაცა სთქვა: დატკბობა საამური ტკივილიაო, და სწორედ ამისთანა ტკივილია ეს ტკივილიცა.

Saturday, May 18, 2013

                                                                      ანანური































ანანურის ხუროთმოძღვრული ძეგლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის საუკეთესო ძეგლია რომელიც არაგვის ერისთავთა ციხესიმაგრეს წარმოადგენდა.

ანანურის კომპლექსი მდებარეობს დუშეთის რაიონში, თბილისიდან 60 კილომეტრის დაცილებით, არაგვის მარჯვენა მხარეს, ჟინვალის წყალსაცავთან. აქ იყო არაგვის საერისთავოს საკვანძო პუნქტი, სადაც თავს იყრიდა: ერთის მხრივ - ჩრდილოეთიდან, თერგისა და არაგვის ხეობებით და მეორეს მხრივ - ქართლის შიდა ტერიტორიიდან, დუშეთის გამოვლით, მომავალი მთავარი გზები.

 XVIII საუკუნის 20-იან წლებში, ოსმალთა და ლეკთა გამუდმებული თარეშის გამო, იქ თავი შეუფარებიათ თეიმურაზ მეფესა და კახელებს. ლეკები მისდგომიან ციხეს, მაგრამ ვერაფერი დაუკლიათ. იმ ხანებში ანანური აღჭურვილი ყოფილა ზარბაზნებით, რომლებიც შემდეგ თელავში გადაუტანიათ

ანანურში მომხდარი ამბებიდან საინტერესოა 1739 წლის ტრაგედია. როდესაც დაუდეგარი შანშე ქსნის ერისთავი რუსეთს იყო წასული, არაგვის ერისთავებს მისი ცოლი ყიზილბაშებისათვის მიუგვრიათ. როდესაც შანშე რუსეთიდან დაბრუნებულა, თავისი ოჯახის შეურაცხმყოფელთათვის სასტიკად მიუზღია სამაგიერო. საკუთარი და ლეკთაგან დაქირავებული ჯარით შემოსდგომია ციხეა, სადაც გამაგრებული ყოფილა ერისთავი ბარძიმი ძმასთან ერთად. დაიწყო ბრძოლა. მეციხოვნეებმა იმდენი ლეკი დახოცეს, რომ თვით ლეკები დახოცილი თანამოძმეებისგან სანგრებს იკეთებდნენ. როცა მოალყენი ვერაფერს გახდნენ, ხერხს მიმართეს. იპოვეს წყალსადენი და გადაკეტეს. ზაფხული იყო და ციხეში მყოფთ მეტად გაუჭირდათ; იძულებულნი გახდნენ ფიცით დანებებულიყვნენ. ბარძიმ ერისთავი ჩაჰბარდა, მაგრამ ერისთავის შვილი, უთრუთი, არ მიენდო და ერთ-ერთ კოშკში რომელსაც „შეუპოვარს“ ეძახიან, გამაგრდა. ქსანელებმა ფიცი დაარღვიეს და ბარძიმი მოკლეს. დახოცეს მისი ოჯახის სხვა წევრებიც. შემდეგ ციხეს შეესივნენ, აიკლეს, ააოხრეს მონასტერი, დაამტვრიეს ხატები და უთვალავი ტყვე წამოასხეს. „შეუპოვარ“ კოშკს კი ცეცხლი წაუკიდეს და უთრუთი შიგ გამოწვეს.

 შურისძიების ჟინით შეპყრობილმა ქსნის ერისთავმა საწადელს მიაღწია. ისტორიის ეს საშინელი ფურცელი დამახასიათებელია ფეოდალიზმისათვის. არაგველებზე ისე უმოქმედია ამ შემთხვევას, რომ უზარმაზარი, შვიდსართულიანი კოშკი ამოუქოლავთ და იგი დამწვართა სამარხად უქცევიათ. მხოლოდ ორასი წლის შემდეგ, 1939 წელს გახსნეს იგი არქეოლოგებმა. საშინელი სურათი წარმოუდგათ მათ თვალწინ. ნახანძრალი სავსე იყო დიდისა თუ ბავშვის დამწვარი ძვლებით, იარაღით და სხვადასხვა საოჯახო ნივთებით.
ზემოაღწერილი ტრაგედიიდან რამდენიმე წლის შემდეგ ანანური არათუ სიმაგრედ, საპყრობილედაც გამოუყენებიათ. როდესაც ირანის ტახტის მაძიებელი შაჰზადა თეიმურაზსა და ერეკლეს ხელთ ჩაუვარდათ, მათ იგი ანანურში დაამწყვდიეს. შემდეგ კი ნადირ-შაჰს მიჰგვარეს.
ამ ხანებში ანანური არა მარტო საერისთავოს, არამედ მთელი ქვეყნის საიმედო სიმაგრედაც ითვლებოდა. როდესაც ნადირ-შაჰმა ქართლ-კახეთს ორასი თუმნის გადახდა უბრძანა და გადახდის, სურვილსა და უნარმოკლებულმა თეიმურაზმა გაცლა ამჯობინა, მან მთელი სახლობით, დიდებულთა ოჯახებითა და ჯარით ანანურის ციხეს შეაფარა თავი. მეფის ამალაში შედიოდნენ პატრიარქის, ეპისკოპოსის, ბატონიშვილისა და თავადთა ხელქვეითნიც, რაც საკმაოდ საგრძნობ რიცხვს შეადგენდა. მათი დატევა მხოლოდ ქალაქის ტიპის ციხე-სიმაგრეს თუ შეეძლო.
XVIII საუკუნის შუა წლებში ანანურის ციხის დიდ მნიშვნელობაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ, როცა საქართველოში მეფის რუსეთის ჯარის უფროსმა, გენერალმა ტოტლებენმა ერეკლე მეფის ტახტიდან ჩამოგდება და ქვეყნის დაპყრობა განიზრახა, იგი მთელი თავისი არტილერიით ანანურში დაბანაკდა, რაც კი იქ ზარბაზნები და სხვა იარაღები დახვდა, დაამტვრია და ორას ფუთზე მეტი თოფის წამალი მიისაკუთრა.
 ანანურზე კიდევ მრავალი ცნობის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ციხის ადგილისა და როლის ნათელსაყოფად საკმარისია ერთი ცნობაც. 1791 წელს ერეკლეს მიერ თავის ძეთათვის დაწერილ განწესებაში ჩამოთვლილია შვიდი მთავარი ციხე, მათ შორისაა ანანურიც.
დასასრულს, ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ მხცოვანმა ერეკლემ, როდესაც იგი კრწანისის ველზე აღა-მაჰმად-ხანთან უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა, სწორედ ანანურს მიაშურა და იქ ჰპოვა საიმედო თავშესაფარი.


 ანანურში არის დიდი გუმბათოვანი ღვთისმშობლის ეკლესია. იგი მიეკუთვნება შუა საუკუნეებში გავრცელებულ ცენტრალურ-გუმბათოვან ტაძართა ტიპს. ეს დიდი ზომის ნაგებობა ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტურული ძეგლია გვიანი საუკუნეების საქართველოში.

 სამხრეთ ფასადის კარის მარცხნივ მოთავსებულია ცხრამეტსტრიქონიანი მხედრული წარწერა, საიდანაც ირკვევა, რომ ტაძარი აგებულია 1689 წელს მდივანბეგ ბარძიმის ბრძანებით. ბარძიმს ამ ტაძრის აგება მიუნდვია და სარქარადაც (მშენებლობის უფროსად) ბოქაულთუხუცესი ქაიხოსრო ბაღსარაშვილი დაუნიშნავს. მას ბევრი უმოღვაწია და XVII საუკუნის პირობების გათვალისწინებით, კარგადაც აუგია ტაძარი.

 გუმბათი როგორც ჩვეულებრივ ამ ტიპის ტაძრებში, ისე აქაც, ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის ორ ბურჯს. ღრმა, უბემო აფსიდი ნახევარწრიული მოხაზულობისაა. მის ცენტრში დგას კუბური ტრაპეზი, რომელიც წინიდან და გვრდიდან ღიაა. საკურთხეველი გვერდის სათავსოებიდან მხოლოდ ჩრდილოეთისას (სამკვეთლოს) უკავშირდება კარით. აფსიდის კედელზე სამი ნიშია მოთავსებული: ორი პატარა ოთკუთხა ფორმისა გვერდებზე და ერთი დიდი, ნახევარწრიული გეგმით და თაღით გადახურული ცენტრში, სარკმლის ქვეშ.
ეკლესიის შესასვლელები ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებშია, ერთმანეთის პირდაპირ. მათი გადახურვა როგორც შიგნიდან, ისე გარედან ჰორიზონტალურია.
ამ ტიპის ქართულ ეკლესიაში, როგორც არაერთხელ არის აღნიშნული სამეცნიერო ლიტერატურაში, გვერდითი შესასვლელები სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ადგილას ეწყობოდა.

 ქვე უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება: ეკლესიებში, თუ მდებარეობა ამის საშუალება იძლევა და ერთი კარი იყო, იგი მეტწილ სამხრეთითაა. ორი კარის საჭიროების დროს სამხრეთითა და დასავლეთით, ხოლო მესამე კარი ჩრდილოეთით თავსდებოდა. ჩვენს შემთხვევაში დასავლეთით შესასვლელის მოთავსების საშუალება არ იყო; იქ ადრე კოშკი იდგა.
ეკლესიის ჯვრის მკლავებს ისრული ფორმის კამაროვანი გადახურვა აქვთ. გვერდის მკლავები მოკლეა, სამხრეთისა მცირედით მეტია მეორეზე. ხოლო დასავლეთისა ორივეს ჯამსაც აღემატება. მისი კამარა შუაში საბჯენ თაღს ეყრდნობა. უნდა აღინიშნოს, რომ ინტერიერში პილასტი არ არის ნახმარი. გუმბათქვეშა თაღები კი კრონშტეინებს ეყრდნობა. ხოლო დანარჩენი თაღების ქუსლები მომრგვალებულია და პირდაპირ უერთდება კედელს.
დასავლეთის ჯვრის მკლავი გვერდის ნაწილებთან დაკავშირებულია თითო თაღით, რომლებიც აღმოსავლეთით რვაგვერდა პრიზმულ ბურჯებს ეყრდნობა. მეორე მხარეს კი უშუალოდ კედელთანაა შეერთებული. ამ ბურჯების ოქტოგონურ ფორმაში ახალი არაფერია; მას ხმარობენ ამ ტიპის ეკლესიებში უკვე XII საუკუნიდან. ამ ეპოქისათვის გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა, როგორც მოსალოდნელი იყო, აფრული წესით ხდება. ქვედა ნაწილისაგან ცილინდრული გუმბათის ყელი ძლივს შესამჩნევადაა გამოყოფილი, მაშინ, როდესაც ზედა ნაწილში ნახევარსფერული ფორმის გუმბათისაგან მას ერთი წვრილი ლილვი ყოფს. არც ეს ლილვია ანანურის ოსტატის გამოგონილი. მას ხშირად იყენებენ XIII საუკუნის ბოლოდან.
ეკლესიის შიდა სივრცე, როგორც მოსალოდნელი იყო ამ ეპოქისათვის, კარგად არის განათებული, რადგან სინათლის წყარო საკმაო რაოდენობითა და მოფიქრებულადაა განლაგებული. სარკმლების უმრავლესობა გუმბათის ყელშია მოთავსებული. აქ თექვსმეტი მაღალი სარკმელი თანაბარი ინტერვალითაა ჩამწკრივებული. აქ ჯვრის მკლავებში კი სინათლის წყარო სხვადასხვაგვარადაა მოწყობილი. საკურთხეველში სამი სარკმელია: ერთი დიდი ცენტრშია და ორი პატარა, გარედან წრიული ფორმისა ზემოთაა. გვერდებზე: დასავლეთისაზე ორი ასეთივე წრიული სარკმელი მოთავსებულია თაღის გვერდებზე; ჩრდილოეთის მკლავში, ისეთი როგორც აფსიდში, ერთი დიდი სარკმელია ცენტრში. ხოლო ორი პატარა ზემოთ, თაღის არეში. სამხრეთით ორი დიდი სარკმელია ერთ ჰორიზონტზე მოთავსებული. ამათ გარდა, თითო მაღალი ზომის სარკმელი მოთავსებულია ნავების დასავლეთის კედლებში.
განსხვავებული ფორმების სარკმლების ასეთი არათანაბარი განლაგება გამოწვეულია ფასადებზე დეკორის თავისებური გადაწყვეტით.

 აღნიშნული მაღალი სარკმლები, გარდა გვერდის ნავების სარკმლებისა, გადახურულია ისრული ფორმის თაღებით. ასევე ისრული ფორმა აქვს ინტერიერში ნახმარ კონსტრუქციულ ყველა თაღსა და კამარას. გარდა გვერდის ნავების კამარებისა, სადაც წრის მეოთხედია გამოყენებული. ისრული ფორმის თაღები საქართველოში, XII საუკუნიდან იხმარება, მაგრამ გვიანფეოდალური ეპოქის ისრული თაღის ფორმა განსხვავდება შუა საუკუნეების ისრული თაღის ფორმისაგან იმით, რომ იქ თაღი „შემართულია“, აქ კი „დამჯდარი“, გვერდებგამობერილი. ანანურის თაღებიც ამ უკანასკნელთა ჯგუფს მიეკუთვნება.
საკურთხევლის გვერდითი სადგომები ორსართულიანია. ამათგან ქვედა მაღალი და ხალვათია, ხოლო ზედა - დაბალი და პატარა. ქვედა სადგომები აღმოსავლეთიდან ნათდება თითო მაღალი სარკმლით. ზედა სადგომებსაც თითო სარკმელი ანათებს, მაგრამ ისინი პატარა ზომისა და წრიული ფორმისაა, რის გამოც ოთახები ნახევრად ბნელია. სამკვეთლო და სადიაკვნე ისრული ფორმის თაღოვანი გადახურვის მქონე თითო კარითაა დაკავშირებული ცენტრალურ სივრცესთან, სამკვეთლო საკურთხეველსაც უერთდება ერთი კარით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სამკვეთლოს აფსიდი აქვს და სადიაკვნე კი სწორი კედლით მთავრდება. ტრაპეზი პირველთან მთელ სიგრძეზეა, ხოლო მეორეში ჩვეულებრივია, პატარა.
ზედა სართულზე ასასვლელად ორივე სადგომის შიდა კედლებში მოწყობილია კიბეები. ამ სადგომიდან კედლის სისქეში კიბეები ისევ ზემოთკენ მიემართება და ერთდება საკურთხევლის კონქზედა ოთხკუთხა სადგომში, რომელიც ისრული კამარითაა დახურული. ეს სადგომი აღმოსავლეთიდან პატარა სარკმლით ნათდება.
ეკლესიის კედლები შიგნიდან ნაგებია ყორე ქვით (აქა-იქ აგურიც გამოუყენებიათ) და სქელი ბათქაშითაა დაფარული. სამხრეთ კედელზე, სარკმლის ქვეშ, საკმაოდ დიდ ფართობზე, მოთავსებულია „დღე განკითხვისა“, ბურჯებზე - წმინდანები. (საინტერესოა ბურჯებზე განლაგებული ასურელ მამათა გამოსახულებანი, მათ შორის წარწერებში იკითხება: „ისე წილკნელი“, „სტეფანე ხირსელი“ და ა.შ.).
ძველი კანკელის კვალი არ ჩანს და არც სხვა წყაროებიდან ვიცით მის შესახებ რამე. ასე რომ, თავდაპირველად იყო თუ არა კანკელი, ამაზე პასუხს ვერ ვპოულობთ. შესაძლოა თავდაპირველი კანკელი ემსხვერპლა 1739 წელს ლეკების მიერ მონასტრის აოხრებას. დღეს არსებული კანკელი უკანასკნელი წლებისაა, ისე როგორც ეკლესიის იატაკი.
ტაძრის გარე მასებში მოპირდაპირე მხარეები ერთნაირი კონფიგურაციისაა, ხოლო ცენტრში გუმბათია აღმართული. ფასადები კარგად თლილი ქვის კვადრებითაა შემოსილი. სახურავი ლორფინებით ყოფილა დაფარული, მაგრამ დაზიანების გამო XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თუნუქით გადაუხურავთ.
ანანურის ხუროთმოძღვარს ოთხივე ფასადის მორთულობა მთლიანად აქვს გააზრებული. ძირითად მასათა განლაგებაში იგი იმეორებს ცენტრალურ-გუმბათოვანი ეკლესიის ტრადიციულად მიღებულ სახეს, მაგრამ უკვე მათი მორთულობის კომპოზიციებს იგი თავისებურად წყვეტს. შენობა მთლიანად მაღალი სწორკუთხა პროფილის მქონე ცოკოლზეა აღმართული და ქართული ეკლესიებისათვის ჩვეულებრივი სახის (ამ შემთხვევაში უჩუქურთმო) კარნიზით მთავრდება. ფასადები, ნაგებობის ხუროთმოძღვრულ ფორმათა შესაბამისად, ძირითადად სამ-სამ მონაკვეთადაა დაყოფილი და თითოეული მათგანი ლილვების კონებითაა შემოფარგლული. ყოველი ფასადის შუა ნაწილი თაღოვან არეს წარმოადგენს და მაღალ ფრონტონთან კარგადაა შერწყმული, მაშინ, როდესაც გვერდით არეებში ყველგან ასეთი გადაწყვეტა ვერ არის. საქმე ისაა, რომ ძეგლის გრძელ ფასადებზე გვერდითა არეების ფორმა თუ ტაძრის ხუროთმოძღვრულ ფორმებს შეესატყვისება, იგივე არ შეიძლება ითქვას მოკლე ფასადებზე. დასავლეთის ფასადზე სწორკუთხედის შუა ნაწილი შერბილებულია ერთი საფეხურით აწევით. ყოველი ფასადის ღერძი დეკორატიულ ჯვარს უჭირავს, მაგრამ თითოეული მათგანი ინდივიდუალური სახისაა. მოსაზღვრე ფასადების მაკავშირებელია წიბოებზე მდებარე თეთრი ლილვი. ისინიც, სხვა ლილვების მსგავსად, პროფილირებულ ბაზებზეა აღმართული. ზოგი მათგანის გვერდით, ოსტატს ფესტონების ამოკვეთაც დაუწყია.
აღმოსავლეთ ფასადზე, როგორც ვთქვით, სამი არე იქმნება: ცენტრში - მაღალი არე ორფერდა გადახურვით და გვერდებზე - ცალფერდა დაბალი ნაწილები. ფასადის მორთულობაც, ამის შესატყვისად, სამ მონაკვეთადაა დაყოფილი. ამათგან ცენტრალური მაღალია და თაღედით ფრონტონების კარნიზებს ებჯინება, ხოლო განაპირები დაბალია და სწორკუთხედებს წარმოადგენს. სამივე არე ლილვებითაა მოჩარჩოებული, ლილვები სამ-სამია, მაგრამ ცენტრალური ნაწილი - გარეთა მესამე ლილვი მხოლოდ ფასადის სიმაღლის შუამდე ადის და წყდება. ეს ლილვები რთული პროფილის მქონე ბაზებზეა აღმართული. ოსტატი ყველგან მხოლოდ გარე ორს რთავს.
ფასადის მორთულობა ძირითადად ცენტრალურ არეშია განლაგებული. აქ, ღერძზე, მოთავსებულია დიდი სარკმელი, რომელიც შემკულია ორ ლილვს შუა ჩამჯდარი ჩუქურთმიანი არშიით. ეს მოჩარჩოება „შედგმულია“ იმავე პროფილის მქონე კვარცხლბეკზე, ხოლო სარკმლის ზემოთ მოჩარჩოების თაღზე აღმართულია მაღალი ჯვარი. ეს ჯვარიც მოჩარჩოების პროფილს იმეორებს და ორნამენტოვანი არშიაც ისევ ლენტოვანი წრეების ჯაჭვისგან შესდგება. ჯვრის მკლავების ბოლოები წაწვეტებულია.
ცენტრალური ჯვრის გვერდებზე ჰორიზონტალური მკლავების ქვემოთ, მოთავსებულია თითო პატარა ჯვარი. ამ ჯვრებზე დიდი ჯვრის ფორმა არის გამეორებული. მისგან განსხვავებით, აქ ლილვები ცენტრალურ ნაწილში დამუშავებულია გრეხილის სახით, მაგრამ გრეხილი ბოლოებში ოსტატს, რატომღაც არ დაუმთავრებია. ამ ჯვრების ჩუქურთმაც გეომეტრიულ წნულს წარმოადგენს. მცენარეული მოტივი ამ ფასადზე გამოყენებულია მხოლოდ ცენტრალური სარკმლის თაღის გვერდებზე. იქვე, მოჩუქურთმებულ არეთა ცენტრებში, მედალიონებია ადამიანის თავის გამოსახულებით. გვერდებზე კი ისევ ფოთლები.
ფასადის მორთულობის დანარჩენი ელემენტები ერთი სახისაა და მოჩარჩოებულია სწორკუთხა და წრიული ფორმის სარკმლების თითო ლილვით. ამათგან თითო მაღალი, სწორკუთხა სარკმელი მოთავსებულია გვერდითა ოთხკუთხედებში და სადიაკვნესა და სამკვეთლოს ანათებს. ხოლო ზემოთ, სწორკუთხედის გარეთ, თითო წრიული პატარა სარკმელია, რომლებიც საიდუმლო ოთახებს ანათებს. ასეთივე ფორმის, მაგრამ მათზე უფრო დიდი სარკმლები ცენტრალური ჯვრის გვერდზეა განლაგებული და საკურთხეველს ანათებს. ერთი პატარა, ისრულთაღიანი სარკმელი მოთავსებულია დიდ ჯვარსა და თაღს შორის აფსიდის კონქზედა სადგომის გასანათებლად.
დასავლეთის ფასადი, აღმოსავლეთის მსგავსად, სამარედაა დაყოფილი. ცენტრში აქაც მაღალი, თაღოვანი მოჩარჩოების მქონე არეა, გვერდებზე კი - ზემოთ ერთი საფეხურით შეტეხილი ოთხკუთხა არეებია. ლილვები, ბაზისების გარეშე, აღმოსავლეთის ფასადისაგან განსხვავებით, ორმაგი და მარტივია.
ფასადის მორთულობა აქაც ცენტრალურ თაღოვან არეზეა განლაგებული, მთავარი ადგილი ისევ ჯვარს უჭირავს. ჯვარი ორ ერთმანეთზე გადახლართულ, პირაღმა დაწოლილ გველეშაპს „თრგუნავს“. გველეშაპები სიმეტრიულადაა განლაგებული. მათ ხახა დაღებული აქვთ და როგორც ეტყობათ, საკბენად ემზადებიან, რადგან მათივე კუდებს გველის თავები აქვთ გამობმული. ფრთა და ფეხი თითო-თითო აქვთ: მუცელთან - ქვემოთ ფეხი და ზემოთ - ფრთა. ჯვრის ზედა მკლავი ნახევარწრიული არშიითაა შემორკალული, ხოლო სამი დანარჩენი მცირე ზომის ოთხკუთხედებით მთავრდება. ჯვარი აქაც კედლის სიბრტყეშია ჩაჭრილი და გვერდებზე სამყურა ორნამენტი გასდევს. მის ამობურცულ ზედაპირზე მოცემულია ბადის მსგავსი ლენტოვანი წნული.
ჯვრის მარჯვნივ თითქმის მთელი არე დაკავებული აქვს სტილიზებულ ვაზს. იგი ჰორელიეფითაა მოცემული. ყოველი ტოტი მთავრდება ფოთლებს შორის მოთავსებული მტევნით. ეს მსხვილღეროვანი და მაღალი ვაზი შედგმულია რვიანისმაგვარ დაგრეხილ ლილვზე. ვაზის მარჯვენა განაპირა ყლორტს შველი მოსდგომია და თითქოს, სანამ კორტნას შეუდგებოდეს, დაცეცებულია, გარემოს ათვალიერებს. ვაზის მარცხენა მხარეს, ზემოთ, რელიეფურად გამოსახული ქერუბიმია. ქერუბიმს ექვსი ფრთა აქვს, აქედან ორი ზევით არის აშვერილი გადაჯვარედინებულად და ოთხი - ქვემოთაა, ამათგან ცენტრალური ისევ გადაჯვარედინებულია.
ვაზის მარჯვენა მხარეს, ტოტებქვეშ, ჩაჭრით მოცემულია რელიეფი, სადაც გამოსახულია ღვთისმშობელი ბავშვით. ფეხმორთხმულ მარიამს კალთაში ჩაუსვამს და ხელებით უჭირავს ყრმა ქრისტე. ყრმას ხელები ვედრების ნიშნად აპყრობილი აქვს. ორივეს კბილანა გვირგვინები ამკობს.
ჯვრის ჰორიზონტალური მკლავების ქვედა კუთხეებს პატარა რომბები წვეტებით ეხება. ეს რომბები მცირე ზომის წრიული სარკმლების ჩარჩოებია.
ფასადის გვერდით ოთხკუთხა არეებში თითო საშუალო ზომის სარკმლებია მოთავსებული. ამ სარკმლების მომჩარჩოებელს ჩუქურთმიანი არშიისათვის დამზადებული ჰქონია გლუვი ზედაპირი, მაგრამ ჩუქურთმა არ ამოუჭრია. მორთულობის სხვა დეტალი ამ ფასადს არა აქვს, რადგან მის ცენტრალურ ნაწილს თითქმის ფარავს ადრე აგებული კოშკი.

სამხრეთის ფასადიც სამი ნაწილისაგან შედგება: ცენტრში ფრონტონით დამთავრებული ეკლესიის ჯვრის მაღალი მკლავია, გვერდებზე კი - დაბალი ნაწილები ჰორიზონტალური კარნიზით. მორთულობის საერთო სურათი განხილული ფასადების ზოგადი გამეორებაა: ცენტრში ლილვებით შემოფარგლული თაღოვანი არე, გვერდებზე ლი ოთხკუთხედები. მაგრამ ისე მდიდრულად მორთული, როგორც ეს ფასადია, არც ერთი არ არის. პორტალი მოთავსებულია ფასადის მარცხენა მონაკვეთში, ამიტომ კედლის პილასტრი, რომელიც ცოკოლამდე უნდა ჩამოდიოდეს, წყდება ზემოთ, თითქოს დაკიდულია.
ცენტრალური თაღის ღერძი ისევ ჯვარს და მასთან დაკავშირებულ მორთულობას უჭირავს, მათ გვერდებზე სარკმელია, ხოლო ქვემოთ, მარცხნივ - მდიდრულად მორთული პორტალი.
დეკორატიული ჯვრის ფართო არშია ძირითადად დაფარულია მცენარეული ჩუქურთმით, მაგრამ არის გეომეტრიულიც: დიდი მკლავის ქვედა მესამედზე ჯვარს ორმაგი ჩარჩო აქვს, გარეთა - გრეხილია, ხოლო შიგნითა - ცერად კვეთილ სიბრტყეზე მოთავსებული მცენარეული მოტივი. ჯვრის ბოლოები ისევ ისრული ფორმით მთავრდება და ქვემოთ, დასავლეთის მსგავსად, თრგუნავს ერთმანეთზე გადახლართულ გველეშაპებს, მაგრამ აქ ისინი პირაღმა კი არ არიან, არამედ ნორმალურ მდგომარეობაში; მათი კუდებიც ჩვეულებრივია, უთავოდ. ამ კომპოზიციის ზემოთ, ჯვრის მკლავის ქვედა სამკუთხედში, ტოტებგაშლილი ხეა, რომელსაც უდგანან: მარჯვნივ - ხარირემი და მარცხნივ - ფურირემი.
ჯვრის ორივე მხარეს თითო მაღალი სარკმელია მოთავსებული. ორივე ერთი ტიპისაა, სარკმელს გარს უვლის ჩუქურთმიანი არშია ზედა ნახევარწრიული მოხაზულებით. ირგვლივ გამავალ ცერად კვეთილ სიბრტყეზე ორნამენტი უნდა ყოფილიყო, მარჯვენა სარკმელზე დაუწყიათ კიდევაც, მაგრამ ვერ დაუმთავრებიათ. მარცხენა სარკმლის ერთ არშიაზე გამოსახულია ფოთლოვანი ორნამენტი პატარა ჯვრებით, ხოლო მეორეზე - გეომეტრიული ორნამენტი.
ჯვრის ორივე მხარეს, ჰორიზონტალური მკლავების ქვემოთ, სტილიზებული ვაზების რთული კომპოზიციაა მოცემული. ეს ვაზები ორნამენტოვანი ბურთობით ეყრდნობა ჩარჩოში ჩასმული მთავარანგელოზების რელიეფურ გამოსახულებას. ვაზების რთული გამოსახულებანი მსგავსია, მაგრამ დეტალებში განსხვავდება ერთმანეთისაგან. ვაზების ღეროები გრეხილია, ორი მხრიდან მომავალი ხაზებით და შუაში „წვეთებით“. ტოტების ბოლოებზე და ცალკე ყლორტებზე ყურძნის მტევნებია გამოსახული. ვაზებს ცხოველები და ფრინველები „შესევიან“. მარცხენას რქებაშვერილი ხარირემი მისდგომია საჭმელად, მარჯვენას კი - ცხვარი და ირემი. ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს ირემმა უკვე ჭამა და მიდის, მაგრამ თვალი მაინც უკან რჩება. ზედა ტოტებს - მარჯვენას სიმეტრიულად ორი და მარცხენას ერთი მტრედი აზის; ისინი მტევნებს კენკავენ. იმავე ჰორიზონტზე, ვაზების გარეთ ქურუბიმებია გამოსახული. ზოგი ქურუბიმის ფრთა, ფრინველის ფრთას კი არა, ფოთლოვან ორნამენტს უფრო წააგავს.
აღნიშნული მთავარანგელოზებიც თითქმის თანაბარზომიერი და მსგავსები არიან, მაგრამ დეტალებში უმნიშვნელო განსხვავებაა. ორივე ფიგურა ანფასით არის მოცემული: თავებს შარავანდი მოსავს, ხელები აპყრობილია ფრთების ფონზე, ტანისამოსი ხაზებითა და ორნამენტებითაა დამუშავებული, ფეხები პროფილშია, ცენტრისკენ მიმართული. განსხვავება ყველა ჩამოთვლილ ნაწილშიცაა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მარჯვენა ანგელოზს მარჯვენა ხელში პატარა ჯვარი უჭირავს და მარცხენაში - ბურთულა. ასეთი ბურთულა მეორე ანგელოზსაც იმავე ხელში უჭირავს, მაგრამ ჯვარი კი არა აქვს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მარცხენა ანგელოზს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია, მეორე კი ფეხშიშველია (პირველი - მთავარანგელოზი და მეორე ანგელოზი?).
ამ ფასადის შემდეგი რელიეფია მწოლიარე ანგელოზი. მას თავი შარავანდის ფონზე აქვს, გრძელი ტანი დაფარულია ხაზებიანი სამოსით, თითო ფრთა აქვს ზემოთ და ქვემოთ და ორივე ხელით ჩაჭიდებულია რაღაც ნივთზე. ასეთივე ანგელოზი უნდა ყოფილიყო ჯვრის მკლავის მოწინააღმდეგე მახარეს. მისთვის ასეთივე გრძელი ქვა სპეციალურად დაუტანებიათ, მაგრამ რელიეფი არ ამოუკვეთიათ.
ფასადს ამკობს აგრეთვე ორი ლომის გამოსახულება. ისინი განლაგებული არიან ვაზების გვერდებზე, სარკმლების ზემოთ და სახით ორივენი ჯვრისაკენ იხრებიან. ლომები მიბმულნი არიან გრძელი ჯაჭვებით მიბმული, რის გამოც ისინი დაძაბულ მდგომარეობაში იმყოფებიან, თითქოს ჯაჭვის გაწყვეტას ლამობენ.
ფასადის ცენტრალურ ნაწილში კიდევ ერთი რელიეფია თაღსა და ფრონტის კარნიზს შორის. იგი ძალიან დაზიანებულია. ეს უნდა იყოს ქრისტეს წელზევითი გამოსახულება.
ფასადის ცენტრალური ღერძი უკავია მოჩუქურთმებულ ჯვარს. ჯვარი რომ ამაღლების ერთ-ერთი ელემენტია, ამის მაჩვენებელია ჯვრის ზედა მკლავის მარცხენა მხარე, ჰაერში ჰორიზონტალურად გამოსახული ანგელოზი. როგორც აღწერისას აღვნიშნეთ, მოპირდაპირე მხარეს ასეთივე გამოსახულება უნდა ყოფილიყო, მაგრამ ოსტატებს ამ რელიეფის ამოჭრა ვერ მოუსწრიათ (ჩუქურთმაც ხომ ბევრგან დაწყებული და მიტოვებულია).
ჩრდილოეთის ფასადი მასათა განლაგებით სამხრეთის ანალოგიურია, მაგრამ მორთულობით მას ჩამოუვარდება. ფასადი კომპოზიციურად ისევ სამადაა გაყოფილი - ცენტრში ორი ლილვით შემოფარგლული თაღოვანი არეა, მარცხნივ ლილვიანი სწორკუთხედი და მარჯვნივ ორად გაყოფილი სწორკუთხედი, რომლის განაპირა ნაწილი ცარიელია, ხოლო მეორე კვლავ ორადაა გაყოფილი, ქვემოთ კარი და მისი მორთულობაა, ზემოთ, ცენტრში - რელიეფური მარტივი ჯვარი.
ჩრდილოეთის შესასვლელი, ქართულ ხუროთმოძღვრებაში გავრცელებული წესისამებრ, გაცილებით ნაკლებათაა მორთული, ვიდრე სამხრეთისა. ანანურში ამას კონკრეტული მიზეზებიც აქვს. ანანურის ციხეში შესასვლელი მდებარეობს სამხრეთით, თითქმის ეკლესიის კარის პირდაპირ. ციხის ეზოში შემსვლელი ეკლესიაში სწორედ ამ კარით შედიოდა, ხოლო ჩრდილოეთის კარი დამხმარე მნიშვნელობისა იყო. ამის გარდა, ჩრდილოეთის ფასადი ძალიან ახლოსაა ციხის გალავანთან, რაც არ ქმნის ხელსაყრელ პირობებს კარის მორთულობის აღქმისათვის.
ჩრდილოეთ კარის ზემოთ, ორნამენტული შეტეხილი თაღით შექმნილ არეზე, როგორც აღვნიშნეთ წარმოდგენილია ჯვრის ამაღლების სცენა, მაგრამ ოსტატი არ მისდევს მიღებულ იკონოგრაფიულ წესებს. აქ წარმოდგენილია „გოლგოთის ჯვარი“, რომელიც წრიულ ჩარჩოშია ჩასმული, მასზე კი ორივე მხარეს ანგელოზები ფრთებითაა „აკრული“. ოსტატს ვერ მოუხერხებია ჯვრის ამ ჩარჩოსათვის ანგელოზების ორივე ფრთით დაკავშირება. ამიტომ თავებს ზემოთ არსებულ ცარიელ არეს ავსებს ფოთლებით, მაგრამ ეს ფოთლები დამუშავებით არ განირჩევა ფრთებისაგან; ამის გამო ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ანგელოზები, მართლაც ორ-ორი ფრთით ეხებიან მედალიონს და მთლიანად მაინც ჯვრის ამაღლების სცენა წარმოგვიდგება.
ჩრდილოეთ ფასადის თაღოვან არეზე, როგორც აღვნიშნეთ, დიდი მოჩუქურთმებული ჯვარია აღმართული. ეს ჯვარი ყველაზე მარტივია, წვრილი და გრძელმკლავება. ჯვარს უბრალო პროფილი აქვს: მხოლოდ ერთი რელიეფური ღერო, რომლის სამი ბოლო დაღარული კოპებით მთავრდება, ხოლო მეოთხე (ზედა) ბრტყელ ქვაზე ამოკვეთილია როზეტი. მთავარ ღერძზე ქვედა ორი მესამედი რთულ მცენარეულ მოტივს უჭირავს. დანარჩენი კი ბადისებრი ლენტოვანი წნულია.
ჩრდილოეთ ფასადზე სამი სარკმელია: ერთი მაღალი - ცენტრში და ორი წრიული - ჯვრის ჰორიზონტალური მკლავების ბოლოებში. ქვემოთ სამივე სარკმელი ლილვოვანი მოჩარჩოებაა. ცენტრალურს ორი ლილვი აქვს, პატარებს - თითო.
გუმბათის ყელი 16-წახნაგოვანი პრიზმაა, ქვემოთ ერთი ლილვი მთავრდება, ზემოთ კი - რთული პროფილის მქონე კარნიზით. გუმბათის ყელის თითოეულ წახნაგზე თითო ისრუთაღიანი სარკმელია მოთავსებული. სარკმლები კედლის სიბრტყეში ჩაკვეთით თითო ლილვითაა შემოხაზული. სარკმელთა ზედა ჰორიზონტი ლილვის ქვემოთ მორთულია: წიბოებზე მოთავსებულია ჩუქურთმიან კოპზე შემდგარი ლილვები, რომლებიც ზემოთ იშლება და წრიულადაა მოხაზული ორივე მხარეს; მათ შუა, თითოს გამოშვებით, მარტივი, რელიეფურად გამოსახული ჯვრებია მოცემული.
ანანურის ტაძარს 16 სარკმელი და ამდენივე წახნაგი აქვს. 16-სარკმლიანობა ქართული ძეგლებისათვის დამახასიათებელი არ არის, მაგრამ არც იშვიათია.
გუმბათის ყელის მორთულობის განხილვისას უნდა აღვნიშნოთ, რომ იგი ორიგინალურია და მისი უშუალო პარალელი დღემდე ცნობილ ძეგლებში არ მოიპოვება. ყელის ზედაპირი სარკმლების სიმაღლეზე „შიშველია“, ზედა ჰორიზონტი კი მორთულია. სარკმლების ხვრელობებს ჩაღრმავებული რელიეფით მოცემული ერთი წვრილი ლილვი გასდევს და ზემოთ შეტეხილი ფორმა აქვს. ეს მორთულობა იმდენად მკრთალია, რომ თითქმის შეუმჩნეველი ხდება.
როგორც აღვნიშნეთ, ანანურის გუმბათის ყელს კარნიზის ქვემოთ მსხვილი ლილვი გასდევს. ქვემოდან მას ებჯინება ლილვაკები, რომლებიც ზემოთ ცხვრის რქებისებრი ორკაუჭით მთავრდება და ქვემოთ კოპებს ეყრდნობა.
ანანურის ძეგლი მდიდარია ორნამენტაციით. ამ ხანაში სხვა ძეგლი არა გვაქვს ანანურის ეკლესიის სიდიდისა და რაც მთავარია, ასე მრავალფეროვნად მორთული. მაგრამ თავისთავად ორნამენტთა სიმრავლე და მრავალფეროვნება არ განსაზღვრავს მის ხარისხს. ანანურის ორნამენტაცია შესრულების მანერით სწორედ გვიანფეოდალური ხანისათვისაა დამახასიათებელი.

ანანურის ანსამბლი შედგება ზედა ციხისა (ციტადელი) და ქვედა ციხისაგან. ქვედა ციხე აგებულია XVIII საუკუნეში. მას არასწორი სამკუთხედის ფორმა აქვს და ზედა ციხეზეა მიშენებული ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან. შემორჩენილია ყორე ქვითა და აგურით ნაგები გალავნის კოშკებისა და საცხოვრებელი სახლების კვალი. აღმოსავლეთი კედლის ოთხკუთხა კოშკში ჭიშკარი იყო, გალავნის სამხრეთ კედელში - სათადარიგო კარი.
ზედა ციხე (ციტადელი) ხუთგვერდაა, აგებულია XVI-XVII საუკუნეებში.

 ზედა ციხის აღმოსავლეთ კიდეში დგას ეკლესია „მკურნალი”, რომლის თითქმის მთელი კორპუსი გალავანს გარეთ გადის. თარიღდება XVI საუკუნის მეორე ნახევრით. ეკლესია დარბაზულია (11,2 X 7,1 მ), ნაგებია ნატეხი ქვით და აგურით. შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. ნახევარწრიულ აფსიდში სარკმელი და ორი სწორკუთხა ნიშია. დასავლეთის კედელში გაჭრილი სარკმელი ამჟამად ამოქოლილია. საკურთხეველში, სარკმლის ქვემოთ, ოთკუთხა ტრაპეზი დგას. მსგავსი ნაგებობაა ჩრდილოეთის ნიშის ქვემოთაც, რომელიც სამსხვერპლოდ გამოიყენებოდა. დარბაზი გადახურულია საბჯენ თაღზე დაყრდნობილი შეისრული კამარით. შეისრულია კონქის თაღიც. ფასადები სადაა. ეკლესიას ორფერდა სახურავი ჰქონდა, მასზე მოგვიანებით საგანგებო ბაქანი მოაწყვეს და სამრეკლო დააშენეს.

სამრეკლო რვაგვერდა ღია ფანჩატურია. თარიღდება XVII საუკუნის II ნახევრით. ნაგებია თლილი ქვით. მისი კამარა ნახევარწრიულ თაღებს ეყრდნობა, თაღები - წიბოებჩამოთლილ ქვის ოთხგვერდა სვეტებს. სვეტებს პროფილირებული ბაზისები და კაპიტელები აქვს. კედლები დასრულებულია მოჩუქურთმებული ლავგარდნით. ლავგარდანსა და თაღს შორის ვარდულებია ჩასმული. სამრეკლო გადახურულია ჰორიზონტალურად ნაწყობი აგურით. სახურავის ქიმი ქვისგანაა გამოთლილი.

დიდ გუმბათოვან ეკლესიასა და სამრეკლოს შორის მიწისქვეშა რვაკუთხა საკანია (3,5 X 3,5 მ). იგი დასავლეთით ეკლესია „მკურნალს“ ეკვრის. ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან აქვს. ქვედა ციხის ეზოდან ვიწრო, ორიიარუსიანი დერეფანი თაღიანი კარით უკავშირდება საკანს. მისი სარკმელი გაერთიანებულია ეკლესიის დასავლეთის კედელში გაჭრილ სარკმელთან. ამ სარკმლის ორივე გვერდზე, ნიშებში მოქცეული პატარა სარკმლები ამჟამად ამოშენებულია. კარის პირდაპირ ბუხარი იყო, რომელშიც ახლა საკნიდან ზედა ციხის ეზოში ასასვლელია გაჭრილი. საკანი გადახურულია აგურის გუმბათოვანი კამარით.
ზედა ციხის გალავნის სამხრეთ კედელზე შიგნიდან მიშენებულია წყალსაცავი, რომელიც შედგება ორი ავზისა და სასმელი წყლის მისაღები სათავსისაგან - „წყაროსგან“. წყალსაცავი ნაგებია დამუშავებული ქვით. ავზები სწორკუთხა ისრული კამარით გადახურული სათავსებია. წყალი გამოყვანილი იყო ციხის ჩრდილო-დასავლეთით არსებული ხეივნიდან მიწაში ღრმად ჩაწყობილი თიხის მილებით. ზედა ციხის გალავნის დასავლეთის კედლის ქვეშ („შეუპოვართან“ ახლოს) შემოსული წყალსადენი უერთდებოდა წყალსაცავს. ავზები წყალგაუმტარი ხსნარითაა შელესილი. წყალი შედიოდა წყალსაცავის დასავლეთ კედლის ქვედა ნაწილში სპეციალური შესასვლელით და ავზების გამყოფ კედელში არსებული პატარა კარით გადადიოდა მეორე სათავსში, ამ სათავსის გავსების შემდეგ მილებით ჩადიოდა მესამე სათავსში, „წყაროში“, რომელიც მეორე ავზზე ჩრდილოეთიდანაა მიშენებული. „წყარო“ გეგმით ჯვაროვანია, ჯვრის მკლავებს აგურით ამოყვანილი ისრული კამარები აქვს. აგურისაა აგრეთვე შუა ავზის კამარა, პანდანტივები, კარის თაღი და დეკორატიული წყობა მის გარშემო. წყალსაცავის უმეტესი ნაწილი მიწაშია. არქიტექტურულად დამუშავებულია მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადი, რომელიც აგურითაა ამოყვანილი. ფასადზე ისრული თაღი დიდ სწორკუთხედშია ჩასმული და ზევიდან აგურის კბილანა წყობის ჰორიზონტალური ხაზი გასდევს. ზედა ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში კიდევ ერთი პატარა წყალსაცავია - ნატეხი ქვით ნაგები ჭა, რომლის სიღრმე 6 მეტრია, ზედა დიამეტრი 1,2 მეტრი, ქვედა - 3 მეტრი. შიგნიდან შელესილია ჰიდრავლიკური ხსნარით.

 ზედა ციხის დასავლეთ მონაკვეთში დგას ღვთაების ეკლესია, იგი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (16,4 X 13,3 მ), ნაშენია ნატეხი ქვით და აგურით. აგებულია XVI საუკუნის ბოლოს ან XVII საუკუნის პირველ ნახევარში. შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. სამხრეთის შესასვლელის წინ სწორკუთხა კარიბჭეა. შიდა სივრცეს ქმნის ჯვრის მკლავები და მათ გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი, რომელიც ეყრდნობა აფსიდის კუთხეებსა და დასავლეთით მდგარ ჯვაროვანი გეგმის ორ ბოძს. ამ ბოძების დასავლეთით ამგვარივე ბოძების კიდევ ერთი წყვილია. აფსიდის გვერდებზე სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვანეა. სამკვეთლო დასავლეთით ღიაა და თაღით უკავშირდება ჩრდილოეთის მკლავს. სამკვეთლოს სამხრეთ კედელში აფსიდში გამავალი თაღოვანი კარია. მკლავების კამარები ისრულია: დასავლეთის მკლავი გვერდითა ”ნავებს” ორ-ორი თაღით უერთდება. გვერდითა ”ნავები” ორ კვადრატულ მონაკვეთად იყოფა. თითეულ მათგანს თავისი ოთხწახნაგა შეკრული კამარა აქვს. ცილინდრული გუმბათის ყელში თოთხმეტი სარკმელია, ჯვრის მკლავებში - თითო.
ეკლესიის ინტერიერში, სამხრეთის კართან ახლოს, დგას თლილი ქვით ნაგები სწორკუთხა სალხინობელი. მისი კამარა კუთხის სვეტზე გადასულ თაღებს ეყრდნობა. კამარა შელესილი და მოხატულია. მოხატულობა ოდნავ დაზიანებულია. აღმოსავლეთით ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელია - ყრმით ხელში, სამხრეთით - ხარება და მოგვთა თაყვანისცემა, დასავლეთით - ღვთისმშობლის მიძინება, ნათლისღება და ჯვარცმა. მოხატულია სალხინობლის თაღებიც. აღმოსავლეთისა და დასავლეთის თაღებზე მხოლოდ ორნამენტებია. მოხატული იყო აგრეთვე სვეტების ის ადგილები, სადაც წარწერა არ იყო. სალხინობლის სამ კედელზე ვრცელი მხედრული წარწერაა, საიდანაც ირკვევა, რომ „ესე გუმბათი” (სალხინობელი) 1674 წელს აუგია ანა-ხანუმ აბაშიძის ასულს უდროოდ გარდაცვლილი სრულიად საქართველოს მდივანბეგ ედიშერ ერისთავისთვის.
ეკლესიის ცოკოლი მიწითაა დაფარული. ნატეხი ქვით ნაგებ კედელზე მხოლოდ სარკმლების ხვრელობებია.

ანანურის ციხის ციტადელი უკეთაა შენახული. ამ გრძელ ნაგებობაში რამდენიმე კოშკია ჩართული. შესასვლელი სამხრეთიდანაა, ოთხსართულიანი სათავდაცვო კოშკის პირველ სართულიდან. კარის წინ ქვის კიბეა. კოშკის ზედა სართულები დაზიანებული და გადაკეთებულია. მეორე სართული საცხოვრებელია. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი შეისრულთაღოვანია და შიგნიდან სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. შესასვლელის ორივე მხარეს თითო თახჩაა. ორი თახჩაა აღმოსავლეთ კედელში. მათ შორის ბუხარია. სამ-სამი თახჩაა სამხრეთით და ჩრდილოეთით. მათგან სამხრეთი თახჩები სათოფურებითაა აღჭურვილი. მესამე სართული სათავდაცვოა. შესასვლელი დასავლეთიდანაა - საბრძოლო ბილიკიდან. შემორჩენილია სათოფურეები. მეოთხე სართული ქონგურებიანი ბანია, სართულის სამხრეთ კედელში სათოფურების გარდა ერთი სალოდეცაა.
გალავნის დასავლეთ კედელში სამი კოშკია. შუა კოშკი - „შეუპოვარი“ ყველაზე მაღალი და მნიშვნელოვანი სათავდაცვო ნაგებობაა. გეგმით მოგრძო სწორკუთხედია (6,8 X 8 X 20 მ). მისი ორი მესამედი ნაწილი გალავნის გარეთაა გასული. კოშკი თავდაპირველად ექვსსართულიანი იყო, მოგვიანებით ორფერდა სახურავი მოხსნეს და კედლები აამაღლეს. ამჟამად, კოშკს პარაპეტიანი ბანი აქვს. კოშკი საცხოვრებელიცაა. მთავარი შესასვლელი პირველ სართულზეა ეზოს მხრიდან. კოშკში შესვლა საბრძოლო ბილიკებიდანაც შეიძლება. შესასვლელები მეორე სართულის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშია - ერთმანეთის პირდაპირ. ყოველ სართულზე სათოფურეების უწყვეტი მწკრივებია. სათოფურეები მოქცეულია სწორკუთხა ნიშებში. პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულზე თითო ბუხარია. სართულშუა გადახურვა ხისაა - ბრტყელი. კედელში ჩატანებული კიბე მეორე სართულიდან ბოლო სართულამდე ადის. საბრძოლო ბილიკებით კოშკი გალავნის სხვა კოშკებთანაა დაკავშირებული.
გალავნის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ცილინდრული კოშკია ჩართული. იგი ექვსსართულიანია და დასრულებულია ღია ბანით. პირველ სართულზე შესასვლელი ეზოდანაა, მეორე და მესამე სართულებზე - საბრძოლო ბილიკიდან. კოშკის ყოველ სართულზე სათოფურების უწყვეტი მწკრივებია. პირველ სამ სართულზე ბუხრებიცაა. სართულები მისადგმელი კიბით უკავშირდება ერთმანეთს. კოშკი სათავდაცვოა. მეოთხე სართულზე ოთხი სალოდეა, მოგვიანებით დაშენებულ ზედა ორ სართულზე - ცალმაგი და ორმაგი სათოფურები.
გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში დგას პატარა ცილინდრული ფორმის სათავდაცვო ოთხსართულიანი კოშკი. შესასვლელი პირველ სართულზეა, ეზოდან, მეორე და მესამეზე კი საბრძოლო ბილიკიდან. პირველ სართულზე ოთხი სათოფურია, ზედა სართულებზე მათი რაოდენობა მატულობს. მეოთხე სართულზე სალოდეები და საზარბაზნეებია. ბუხარი მხოლოდ მეორე და მესამე სართულებზეა, შესასვლელის პირდაპირ.
გალავნის ჩრდილოეთ კედლის ცენტრალურ ნაწილში დგას ყველაზე პატარა ნახევარწრიული კოშკი. შემორჩენილია მისი სამი სართული. ზედა ორი სართული ეზოს მხარეს ღიაა. შესასვლელი პირველ სართულზეა, ეზოდან, კარის პირდაპირ ბუხარია, გვერდებზე - თახჩები. მეორე სართულზე სათოფურები და სალოდეებია, მესამეზე - მხოლოდ სათოფურეები. სართულშუა გადახურვა არსად არ შემორჩენილა.


 ზედა ციხის ცენტრში დგას ეგრეთწოდებული ხევსურული კოშკი, იგი ანსამბლის ყველაზე ადრინდელი ნაგებობაა, თარიღდება XIV-XV საუკუნეებით. კოშკი ოთხსართულიანია. იგი მაღალი (18 მეტრი) და ვიწროა, ნაგებია ნატეხი ქვით. განსხვავდება დანარჩენი კოშკებისაგან პროპორციებით, გადახურვის ფორმითა და კონსტრუქციით (ასეთ კოშკებს საქართველოს მთიან ადგილებში აგებდნენ). კოშკში შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. კარი ისრულთაღიანია, იკეტებოდა ურდულით. სართულები ერთმანეთს მისადგმელი კიბით უკვაშირდებოდა. სართულშუა ხის გადახურვა ჩანგრეულია. პირველი სართულის კედლებში მხოლოდ პატარა ნიშებია, მეორ და მესამე სართულების კედლებში - თითო ვიწრო სარკმელი, მეოთხე სართულის ყოველ კედელში თითო განიერი სარკმელია, ყველა სარკმლის თაღი შიგნიდან ისრულია, გარედან - ნახევარწრიული. გადახურვის ქვეშ ისრულკამარიანი სათვალთვალო სათავსია. ინტერიერი შელესილია. ფასადები სადაა. კედლები ამოყვანილია ნატეხი ქვის წესიერი წყობით. ზოგან შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები. პირამიდული გადახურვის საფეხურები გარედან დაფარულია ქვის ლორფინებით.

ანანურის ციხე-დარბაზი ახლაც ამაყად გადმოჰყურებს არაგვის ხეობას. მას აღტაცებაში მოჰყავს ადგილობრივი მცხოვრები თუ უცხო მოგზაური.

წყარო:dzeglebi.com

ანანური — ფეოდალური ხანის (XVI-XVII სს.) ციხესიმაგრე სოფელ ანანურთან
ციხე ჩრდილოეთიდან დარიალის ხეობით მომავალ გზას კეტავდა და არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო. 1743 წელს კახეთის მეფე თეიმურაზ II-მ გააუქმა არაგვის საერისთავო და ანანურის ციხე მეფის ხელისუფლებას დაუქვემდებარა. XVIII საუკუნის II ნახევარში საქართველო რუსეთის ეკონომიკური გაძლიერების შედეგად ანანური ქალაქად იქცა, 1803-1821 წლებში ანანურის მაზრის ცენტრი იყო.
ანანურის ანსამბლში თავმოყრილია საერო, სამხედრო და საკულტო ნაგებობანი. ანსამბლი შედგება ციტადელისა და ქვედა ციხისაგან. თავდაპირველად აქ მდგარა ამჟამად ციტადელის ცენტრში მოქცეული ხუთსართულიანი კოშკი (XIV-XV სს.). ციტადელის აღმოსავლეთით დგას მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესია (XVI-XVII სს.), რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებნი "მკურნალს" ეძახიან. დაახლოებით XVII საუკუნის შუა ხანას ეკუთვნის მცირე გუმბათიანი ტაძარი (ღვთაება).
XVII საუკუნის I ნახევარში აშენდა ზედა ციხე, რომლის გალავნის კედლებში ჩატანებულია 4 მრგვალი კოშკი. ანანურის ანსამბლის უმთავრესი არქიტექტურული ნაგებობაა დიდი გუმბათიანი ტაძარი. სამხრეთ კედლის წარწერიდან ჩანს, რომ ტაძარი 1689 წელში, არაგვის ერისთავის მდივანბეგ ბარძიმის ბრძანებით, სარქარ ქაიხოსრო
ბაღსარაშვილს აუგია. XVII საუკუნეში აგებული დიდი ეკლესიის აღმოსავლეთით აღმართული სამრეკლოც. ანანურის ქვედა ციხე XVIII საუკუნის დასაწყისშია აგებული.

ანანური 1892 წელს.



 

Monday, November 5, 2012

გურული არდადეგები;))

აქ ხშირად წვიმს და ყველაფერი მწვანეა.

საღამოობით კი, ყველაფერი მუქდება და მთელი დედამიწა ხდება ქლიავისფერი – როგორც გალაკტიონის “გურიის მთებში”.

უცნაური მიწაა – სველი და გრილი, მლაშე და ტკბილი ერთდროულად, დაფნის ბუჩქივით ხასხასა იუმორით გაჯერებული, ხშირად ცინიკური, აჩაქრებული კადრივით სასაცილო და ამავე დროს სევდიანია გურია…

მიუხედავად ამდენი იუმორისა, მივხვდი – მხოლოდ აქ, და არა დიდ და ასფალტიან ქალაქებში, შეძლებ წერო… ჩაწვდე და იპოვო, აღმოაჩინო და დაიმახსოვრო… იქნებ დასკვნასაც მიაგნო ან დაწერო ცხოვრების რეცეპტი, რომელიც თუნდაც ერთ ადამიანს გაუადვილებს, გაულაღებს ცხოვრებას… ჰო, ასეთი უცნაურია გურია…

დილით ცხელი რძე, ნაღებით, გაფიცხებული ხაჭაპური, თხილის ნედლი სუნი, აქა–იქ ბატების ყიყინი, მეზობლების სასაცილოზე სასაცილო სახელები და უფრო სასაცილო იუმორი… ჩუმი, ჩუმი შუადღე და ატამივით ვარდისფერი სამხარი… არცერთი კაფე და არცერთი გასართობი შენს ირგვლივ, მხოლოდ გზააბნეული მეზობლის ხბოს მოწყენილი ხმა შენს ნესტიან შუკაში… და ღელედან ჩერჩეტი ბაყაყების ყიყინი, რომლებიც სამუდამოდ ასცდნენ აზიური კულინარიის რეცეპტებში ჩახოხბვას…

მოდის საღამო და თითქოს არ მოდის… ხაჭაპურში ბლომად ჩაბუდებული ყველივით იწელება აქ დრო და გაქვს იმის დროც, რომ იტირო, ისე, როგორც ბავშვობაში – აუხდენელ ოცნებებზე… გაიხსენო და იქვე დაივიწყო ის, რაც იყო და ის, რაც არ იყო და ძალიან კი გსურდა, რომ ყოფილიყო…

აქ შეგიძლია ისუნთქო და იფიქრი ღრმად, იმაზე ღრმად, ვიდრე ჩემი ჭაა გათხრილი ეზოში და იფიქრო ყველაფერზე, რაზე ფიქრსაც ვერ ასწრებ თბილისში – საჭირო რაოდენობის ფულზე, ქართულ უცნაურ პოლიტიკაზე, მომავალ გეგმებზე, უსაქმურად გაცდენილ დღეებზე, შენი ოცნების იახტაზე – ხმელთაშუა ზღვის ნაპირებზე, არარსებულ ანგარიშებზე ფრანქფურტის ბანკებში, იდეალურ სიყვარულზე ან იდეალურ ცხოვრებაზე, რომელიც არ არსებობს, ან არსებობს და ჯერ კიდევ წინა გაქვს… ისე, როგორც ჩემი მეზობელი ლიანა ფიქრობს და ის უკვე 75 წლის არის… ამ დროს წვიმს, ან უკვე გადაიღო, ან იწვიმებს და არ გადაიღებს… მთელი სოფელი ღრუბელს უყურებს, რომელიც თხილის ბაღის ბოლოს ევკალიპტის მაღალი ხის ტოტებშია გაჩხერილი და სევდიან სისველეს ასხივებს…

მარტოობის შეგრძნება მძაფრდება საღამოობით, როცა ქრება მზე და როცა იცი, რომ სადღაც მარცხნივ უფრო თანამედროვე ბათუმია და კიდევ უფრო ბევრად მარცხნივ, მარცხნივ და მარცხნივ ლაღობს ევროპა, ლამაზი კაფეებით, ეიფელით და იახტებით…. ამ დროს გურული იუმორი გეხმარება, რომ არ მოიწყინო…

საღამოობით ეზოში ხმამაღლა ისმის ზღვის ქაფის ტყლაშუნი, ყველაფერი მლაშეა – ცრემლიც და ჰაერიც… თუმცა სიცოცხლე გრძელდება – ეზოში ტრიალებს ომბალოს სუნი… მე მაქვს წიგნების დიდი კარადა და თეთრი ბალიში, 0,5 გულიანი ფანქარი და რამდენიმე რვეული, მომწონს, როცა არ მძინავს და ველოდები… მაგრამ მაინც, როგორც ყოველთვის ღამის სქელ სიბნელეში მატარებელი აუცილებლად მოულოდნელად ჩაიყივლებს კუ–კუუუუ…. და ვითვლი ვაგონებს, ანთებულ ფანჯრებს….



ეს გურიაა, ზღვით, მზით, იუმორით და სევდით გაბღენძილი… და თუ ოდესმე არ გამოგიცდიათ გურიის გაღიმებული სიმარტოვე, უნდა იგემოთ…

http://pirveliculinary.com/

ჯუანშერი – „ვახტანგ გორგასლის ლაშქრობა ოვსეთში“

[გაიოზ მამალაძე]

რუსი იმპერიალისტები და მათი მარიონეტი ოსი სეპარატისტ-ტერორისტები აცხადებენ, რომ ცხივნელის რეგიონი, რომელსაც ისინი სამხრეთ ოსეთს უწოდებენ, ჩვენიაო. რა თქმა უნდა, ვერასდროს ვერ დაამტკიცებენ საქართველოს მტრები, ცხინვალის რეგიონის, ჩრდილო ქართლის, შიდა ქართლის ჩრდილო ნაწილის, ისტორიული ქართული ტერიტორიის, ოსურობას.

იქნებ ოცნება აქვთ, რომ სადმე არქეოლოგიური გათხრების შედეგად, რაიმე დამამტკიცებელ საბუთს წააწყდნენ, მაგრამ ამგვარი გათხრების წარმოებას არ ვურჩევს სეპარატისტ-ტერორისტებს, მარიონეტებს, რუსების მონებს, ვინაიდან, იმ ტერიტორიაზე მხოლოდდამხოლოდ ქართული ისტორილი ძეგლები თუ აღმოჩნდება, ქართული წარწერები და სხვა.

ვერც ერთ ოსურ ძეგლს, ვერც ერთ საბუთს, ვერც ერთ წარწერას ვარასოდეს ვერ აღმოაჩენენ ჩრდილო ქართლში და დვალეთში საქართველოს მტრები… როცა იმ ტერიტორიებზე ქართველთა კულტურული ცხოვრება ჩქეფდა, არც რუსებს და არც ოსებს დამწერლობა არ ჰქონდათ…

არაკორექტულმა კამათმა, ცრუ არგუმენტებმა შესაბამისი პასუხები იცის…

წავიკითხოთ ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ და დავრწმუნდებით, რომ კოკოევი და პუტინი მატყუარა ადამიანები არიან…

კოკოევებო, პუტინებო, მედვედევებო, დუგინებო … უძველესი ქართული კულტურის ძეგლებით, მათ შორის ჯუანშერის ნაწარმოებით, მტკიცდება, რომ ეს ტერიტორია ჩვენია, ხოლო ჩვენი დიდი მეფეების, ჩვენი წმინდანების, ჩვენი უბრალო წარმოშობის ადამიანების, მეომრების მაგალითები კი გვარწმუნობს, რომ იმ მიწებს აუცილებლად დავიბრუნებთ…

ჯუანშერის თხზულება არის შესანიშნავი ლიტერატურული ძეგლი და ისტორიული წყარო, სადაც, ლამაზი ქართულით მოთხრობილია ისეთი ამბები, რაც ქართველთა უფლებებსა და ვაჟკაცობას, ქართველთა მტრების კი ქურდ-ბაცაცობას, და აუცილებელ მარცხსა ამტკიცებს…

გავზარდოთ შვილები, ჩვენი ახალგაზრდები ჯუანშერის ნაწარმოებით, ვახტანგ გორგასლისა და მისი მეომრების მაგალითით, და კავკასიის მთები კვლავ დაიწყებს დრეკას, როცა ისინი ქართველი ჯარისკაცის ფეხსაცმელებით დააბიჯებენ ჩვენს წმინდა მიწაზე, ცხინვალში, ჯავაში, ავლევში, აჩაბეთში და უფლის ნებით კვლავ ჩაკეტავენ, გიორგი მეთორმეტის მიერ სისულელით გახსნილ დარიალის კარს…

დღეს, გავიხსენოთ როგორ დაარბია დიდმა ვახტანგ გორგასალმა თავისი დის მომტაცებელი ოსები, რომლებიც მაშინაც აწუხებდნენ საქართველოს…

ოსები ბედნიერად ცხოვრობდნენ ყოველთვის ჩვენს სამშობლოში, როდესაც ლოიალურად იყვნენ განწყობილნი ჩვენდამი… ასე იქნება მომავალშიც…

მაგრამ, იმ ოსებს, ვინც ბაყათარს და თარხანს, კოკოევს და მათნაირებს მიემსგავსებიან საქციელით, დღეს იქნება თუ ხვალ, უსათუოდ დასჯის ქართველი ვაჟკაცი, რომელიც ვახტანგ გორგასალივით იტყვის: „არა დავითმინო კიცხევა ოვსთა“, როცა რუსეთი თხასავით გაყიდის თავის ოს „მეგობრებს“, ან როცა რუსეთი დაიშლება… რუსეთიც დაისჯება და სასტიკად, აგერ ნახავთ…

ეჰეიიი, საქართველოს მტრებო! ჩვენ, ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყულ მიწაზე უარს არ ვამბობთ!..

ქართლის ცხოვრება

ჯუანშერი

ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა

ლაშქრობის გაპირვა ოვსეთზე

და დაამტკიცეს ლაშქრობა ოვსეთისა, და განიყარნეს ყოველნი სახლად თჳსად კაზმად. ხოლო ვახტანგ მეფემან წარავლინა მოციქული წინაშე დედის ძმისა მისისა ვარაზ-ბაკურისა, რანისა ერის-თვისა: აუწყა ლაშქრობა ოვსეთისა და ითხოვა მისგან შეწევნა. ხოლო მან სიხარულით აღუთქუა, რამეთუ ქუეყანა მისი-ცა ტყუე-ქმნილ იყო ოვსთაგან.

ხოლო ვახტანგ მოუწოდა ყოველთა სპათა ქართლისათა; და შემოკრბეს ყოველნი და დაიბანაკეს მუხნარს და ხერკს, ამიერ და იმიერ არაგუსა: და იყო ასი ათასი მჴედარი და სამოცი ათასი ქუეითი, და გამოგზავნნა ვარაზ-ბაკურ სპანი თჳსნი თორმეტი ათასი მჴედარი.

და ვახტანგ მეფე განვიდა ქალაქით მცხეთით, და განასრულნა სპანი თჳსნი და განასხნა: მოეწონნეს სიმრავლითა, ცხენ-კეთილობითა და მოკაზმულობითა, და იხილნა ყოველნი იგი მხიარულად და აზარვით, რამეთუ სავსენი იყვნეს , შურითა ოვსთათა. აღივსო სიხარულითა და მადლობდა ღმერთსა. შემოვიდა ქალაქად, და აღასრულა შჳდეული ერთი ლოცვითა, და მარხვითა, და ღამის-თევითა; და განუყო ხუასტაგი დიდ-ძალი გლახაკთა.

და დაუტევნა განმგებელად სამეფოსა თჳსისა დედა მისი საგდუხტ და დაჲ მისი ხუარანძე, და დაწერა ანდერძი ესრეთ:

„უკეთუ არღარა შემოვიქცე ცოცხალი, დაჲ ჩემი ხუარანძე შეირთოს მირიან, რომელი ეყვოდა ვახტანგს მამის ძმის-წულად, ნათესავისაგან რევისა, მირიანის ძისა, რომელი სიძე იყო თრდატ სომეხთა მეფისა, მან შეირთოს დაჲ ჩემი, და მან იპყრას მეფობა“.

და ესე დაწერილი დედასა მისსა მისცა, და სხუასა არა-ვის აუწყა. და იგი მირიან, მამის ძმის-წული მისი, დაუტევა მცხეთას.

წარვიდა ვახტანგ და დადგა თიანეთს. და მუნ მიერთნეს ყოველნი მეფენი კავკასიანნი ორმოცდაათი ათასი მჴედარი. და წარემართა სახელსა ზედა ღმრთისასა, განვლო კარი დარიალანისა.

შესლვასა მისსა ოვსეთად იყო ვახტანგ წლისა თექუსმეტისა.

მაშინ მეფეთა ოვსეთისათა შეკრიბნეს სპანი მათნი და მოირთეს ძალი ხაზარეთით, და მოეგებნეს მდინარესა ზედა, რომელი განვლის დარიალანსა და ჩავლის ველსა ოვსეთისასა. და მას-ცა მდინარესა არაგჳ ჰქჳან, რამეთუ ერთის მთისაგან გამოვალს თავი ორთა-ვე: ქართლისა არაგჳსა და ოვსეთისა არაგჳსა.

და დაიბანაკეს ორთა-ვე სპათა ამიერ და იმიერ, რამეთუ მდინარისა მის პირსა ორგნითვე ქარაფნი იყვნეს კლდისანი, ჭალაკნი და ველოვანნი პირთა მდინარისათა. და განეკრძალნეს ერთმან-ერთისაგან, და დაიცვნეს გზანი ქარაფთანი, და დადგეს ეგრეთ შჳდ დღე.

ამა შჳდსა დღესა ბრძოლა იყო ბუმბერაზთა მდინარესა მას ზედა. მაშინ ოვსთა რომელ ჰყვეს ნიჯადნი ხაზართანი, მათ თანა ერთო კაცი ერთი გოლიათი, სახელით თარჴან. გამოვიდა ესე თარჴან ხაზარი, და ჴმა ყო ჴმითა მაღლითა, და თქუა:

“გეტყჳ თქუენ, ყოველთა სპათა ვახტანგისთა, ვინ-ცა არს თქუენ შორის უძლიერესი, გამოვიდეს ბრძოლად ჩემდა“.

ხოლო ვახტანგ მეფესა რომელ ყვეს სპანი სპარსთა ნიჯადნი, მათ თანა ერთო კაცი ერთი, რომელსა ერქუა ფარსმან-ფარუხ: ამისდა ვერ-ვის დაედგნეს ბრძოლასა შინა, რამეთუ მრავალი ლომი ჴელითა შეეპყრა. ესე განვიდა ბრძოლად თარჴანისად.

და აღიზახნეს ორთა-ვე, და მიეტევნეს ურთიერთას. და პირველსა-ვე შეკრებასა უხეთქნა ჴრმალი ფარსმან-ფარუხსა ჩაბალახსა ზედა, და განუპო თავი ვიდრე ბეჭთამდე.

მაშინ დაჭმუნდა ვახტანგ და სპანი მისნი, რამეთუ არა-ვინ დარჩა მათ შორის მსგავსი ფარსმან-ფარუხისი. შეძრწუნდეს ყოველნი იგი სპანი, და აღივსნეს მწუხარებითა.

და დაღამდა დღე იგი, და ვახტანგ შევიდა კარვად თჳსად. და დადგა ლოცვად, და ცრემლითა ევედრებოდა ღმერთსა, და ვიდრე განთენებადმდე არა დაჯდა ქუე ლოცვისაგან: ითხოვდა ღმრთისაგან შეწევნასა. და მინდობითა ღმრთისათა ეგულებოდა თჳთ-ბრძოლა თარჴანისი, რამეთუ უშიშ იყო ვითარცა უჴორცო, და იმედი ჰქონდა ღმრთისაგან და ძალისა თჳსისაგან.

ვითარ განთენა, კუალად შთამოვიდა თარჴან კიდესა მდინარისასა, აყუედრებდა კუალად, და ითხოვდა მუქარასა, და არა-ვინ იპოვა სპათა შორის ვახტანგისთა მბრძოლი მისი.

მაშინ ვახტანგ რქუა სპათა თჳსთა:

- „არა მინდობილ ვარ მე ძალისა ჩემისად და სიმჴნისა ჩემისად, არამედ მინდობითა ღმრთისა დაუსაბამოსათა, სამებისა ერთარსებისა ყოვლისა დამბადებელისათა განვალ თჳთ-ბრძოლად თარჴანისა“.

მაშინ განკჳრდეს წარჩინებულნი იგი, აყენებდეს ვახტანგს და მრავალ-ღონედ ზრახვიდეს, რათა-მცა დააყენეს ბრძოლისაგან რამეთუ ყრმა იყო ვახტანგ, და არა იცოდეს გამოცდილება მისი.

არა ერჩდა ვახტანგ, არამედ დაამტკიცა ბრძოლა მისი; გარდაჴდა ცხენისაგან და დავარდა ქუეყანასა ზედა, თაყუანის-ცა ღმერთსა, აღიპყრნა ჴელნი თჳსნი და თქუა:

- „ჰე, უფალო, დამბადებელო ყოვლისაო და შემმატებელო კეთილთაო, აღმამაღლებელო მოსავთა შენთაო! შენ იყავ მწე ჩემდა, მოავლინე ანგელოზი შენი ძალად ჩემდა, და დაეც უსჯულო ისი, და არცხჳნე მგმობართა შენთა, რამეთუ არა ძალისა ჩემისად მინდობილ ვარ, არამედ მოწყალებისა შენისად“. მოიქცა ვახტანგ და აღჯდა ტაიჭსა თჳსსა, და რქუა სპათა თჳსთა: – „ევედრებოდით ღმერთსა და ნუ შეძრწუნდებით“.

წარვიდა ვახტანგ, და დადგეს სპანი მისნი ზურგით მისსა; შეძრწუნდებოდა და სავსენი მწუხარებითა თჳს-თჳსსა სჯულსა ზედა ევედრებოდეს ღმერთსა.

ა~. აქა ვახტანგისი და თარჴანის ომი და მოკლვა თარჴანისი ვახტანგისგან

მაშინ ვახტანგ ჩავლო გუერდი და შთადგა მდინარისა პირსა; აქუნდეს ჴელთა ოროლნი. მოხედნა თარჴან და რქუა:

„მე გოლიათთა და გმირთა გამოცდილთა მბრძოლი ვარ, არა ყმა-წურილთა, გარნა შენ ზედა-ცა დავიმდაბლო თავი ჩემი“.

აღიზახნეს და მიეტევნეს ურთიერთას, და პირველსა-ვე შეკრებასა სცნა ვახტანგ ოროლნი სარტყელსა ზედა; და ვერ უფარა სიმაგრემან საჭურველისამან, და განვლო ზურგით და მოკლა.

ხოლო ქართველთა ნუგეშინის-ცემულთა და სავსეთა სიხარულითა აღიზახნეს ჴმითა საშინელითა, და შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ. ხოლო ვახტანგ მას-ვე ადგილსა გარდაჴდა ცხენისაგან, და დავარდა მიწასა ზედა, თაყუანის-ცა ღმერთსა და თქუა:

- „კურთხეულ ხარ შენ, უფალო, რომელმან მოავლინე. ანგელოზი შენი და დაეც მტერი ჩემი; შენ ხარ აღმამაღლებელი მოსავთა შენთა; შენ ხარ, რომელმან აღადგინი ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლი დავრდომილი“.

მოჰკუეთა თავი თარჴანს, აღჯდა და წარვიდა ლაშქართა თჳსთა თანა. და ყოველთა მათ სპათა ჴმითა აღწევნულითა შეასხეს ქება ვახტანგს და მადლობდეს ღმერთსა.

ბ~. აქა ვახტანგისი და ბაყათარ ოვსის ომი და მოკლვა ბაყათარისა ვახტანგისგან

და მეორესა დღესა სხუა გამოვიდა ბუმბერაზი ოვსთაგან, რომელსა ერქუა ბაყათარ. იგი იყო გოლიათი; და რაჲთგან დაეწყო მჴედრობად, ვერ-ვის დაედგნეს მისთჳს ბრძოლასა შინა. და მოესრა ყოველი მბრძოლი მისი: რამეთუ იყო სიგრძე მშჳლდისა მისისა თორმეტი მტკაველი და ისარი მისი ექუსი მტკაველი. მოდგა ესე ბაყათარ პირსა მდინარისასა და ჴმა ყო ჴმითა მაღლითა და თქუა:

- „ვახტანგ მეფეო, ნუ განლაღნები შენ მოკლვისათჳს თარჴანისა: არა ერთო იგი გოლიათთა და ამისთჳს მოიკლა იგი ყმა-წურილისა მიერ. აწ უკეთუ შენ-ვე გამოხვიდე მბრძოლად ჩემდა, მოგხუდენ ჩემგან ბრძოლანი ფიცხელნი, რომელთაგან ვერ-ღა-რა განერე. თუ არა ვინ-ცა სპათა შენთაგანი გამოვიდეს, მისთჳს-ცა მზა ვარ“.

მაშინ პასუხ უგო ვახტანგ ბაყათარს და რქუა:

- „არა ძალითა ჩემითა ვსძლე თარჴანს, არამედ ძალითა დამბადებელისა ჩემისათა. და არა მეშინის მე შენგან, ვითარცა ძაღლისა ერთისაგან, რამეთუ ძალი ქრისტესი ჩემ თანა, და ჯუარი მისი პატიოსანი საჭურველ ჩემდა“.

და განაწესნა ვახტანგ სპანი და დაადგინნა განმზადებულად; და აღჯდა ტაიჭსა შეჭურვილსა ჯავშნითა, და აღიღო ფარი მისი ვიგრის ტყავისა, რომელსა ვერ ჰკუეთდა მახჳლი, და ჩავლო გუერდი და მიდგა მახლობელად მდინარისა. ჴმა უყო ბაყათარს და რქუა:

- „არა გამოვალ მე მდინარესა, რამეთუ მეფე ვარ; არა მივეახლები მე სპასა ოვსეთისასა, რამეთუ წარწყმედითა ჩემითა წარწყმდების სპა ჩემი ყოველი. ხოლო შენ მონა ხარ, და წარწყმედითა შენითა არა ევნების სპათა ოვსეთისათა, ვითარცა ძაღლისა ერთისათა. გამოვედ მდინარესა ჩემ-კერძო“.

მაშინ ბაყათარ ოვსმან აღასრულა სიტყუა მისი და რქუა:

- „მე მომკლველმან შენმან გამოვლო მდინარე, არამედ პირისაგან მდინარისა უკუ-დეგ სამ უტევან“.

მაშინ ვახტანგ უკუდგა. გამოვლო მდინარე ბაყათარ, და უწყო სროლად ისრითა. მაშინ ვახტანგ სიფიცხლითა თუალთათა, და სიმახჳლითა გონებისათა, და სიკისკასითა ტაიჭისა მისისათა ირიდებდა ისარსა: რამეთუ შორს-ვე იხილის ისარი მომავალი, და უხლდებოდა და სიმარჯჳთ მიეახლებოდა. ამიერ და იმიერ სპათაგან იყო ცემა ბუკებისა და დაბდაბთა. და იზახდეს ჴმითა აღწევნულითა სპანი ორნი-ვე, ქართველნი და ოვსნი, რომლითა იძრვოდეს მთანი და ბორცუნი. და ვერა ჰკრა ისარი, ორისა ისრისაგან მეტი, ბაყათარ ფარსა ვახტანგისსა, და ვერ ჰკუეთა ყოვლად. და კუალად ჰკრა სხუა ისარი ცხენსა ვახტანგისსა, და გააგდო შიგა. და ვიდრე დაეცემოდა ცხენი ვახტანგისი, მიუჴდა ზედა და უხეთქნა ჴრმალი მჴარსა ბაყათარისსა, და ჩაჰკუეთა ვიდრე გულამდე.

მაშინ-ღა დაეცა ცხენი ვახტანგისი, სწრაფით მიჰყო ჴელი და შეიპყრა ცხენი ბაყათარისი. და პირველ დავარდა ქუეყანასა ზედა, და თაყუანის-ცა ღმერთსა, და შეწირა მადლობა უმეტეს პირველისა. აღჯდა ცხენსა ბაყათარისსა, და მოდგა მახლობელად სპათა თჳსთა, და რქუა ჴმითა მაღლითა:

- „მჴნე იყვენით და განძლიერდით, რამეთუ ღმერთი ჩუენ-კერძო არს!“

ხოლო სპანი იგი წარემართნეს განმზადებულნი, ცხენ-თორნოსანნი და ჯაჭუ-ჩაბალახოსანნი, წინა კერძო და მათ უკანა ქუეითნი, და ქუეითთა უკანა სიმრავლე მჴედართა, და ესრეთ მიმართეს ოვსთა. ხოლო ოვსნი წარმოდგეს ქარაფსა ზედა და დაასხეს ისარი, ვითარცა წჳმა მძლაფრი.

მაშინ ვახტანგ მეფე მოქცეულ იყო სპასა მისსა ზურგით რჩეულითა მჴედრითა, უზახებდა და განაძლიერებდა და ნუგეშინის-ცემდა სპათა მისთა. მაშინ წინა ცხენ-თორნოსანთა აღვლეს გზა ქარაფისა, აღჴდეს ვაკესა, და აღუდგეს უკანა ქუეითნი და შემდგომად სიმრავლე მჴედართა.

და იქმნა ბრძოლა ძლიერი მათ შორის. ხოლო ვახტანგ უკეთუ მარჯუენით-კერძო იბრძოდის, მარცხენით-კერძო ძრწოდიან; და უკეთუ მარცხენით-კერძო იბრძოდის, მარჯუენით-კერძო ძრწოდიან. და ეგოდენსა სიმრავლესა სპათასა იცნობებოდა ჴმა ვახტანგისი, ვითარცა ჴმა ლომისა; და თანა ჰყვებოდეს მას ორნი მჴედარნი: არტავაზ ძუძუს-მტე, ძე საურმაგ სპასპეტისა, და ბივრიტიან სეფე-წული. და იგინი-ცა იბრძოდეს მჴნედ.

მაშინ იძლივნეს ოვსნი და ივლტოდა ბანაკი მათი. მოისრნეს და ტყუე იქმნნეს, ხოლო უმრავლესი მეოტი ოვსთა მათგანი ცოცხალი შეიპყრეს უკ-მოჴსნისათჳს ტყუეთასა, რომელნი წარტყუენულ იყვნეს პირველ ოვსთაგან ქართველნი. ვითარ უკ-მოიქცეს დევნისაგან, და დაიბანაკეს ბანაკსა-ვე თჳსსა: სამ დღე განისუენეს და შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ. და მერმე განიბნივნეს ტყუენვად ოვსეთისა, შემუსრნეს ქალაქნი მათნი, და აღიღეს ტყუე და ნატყუენავი ურიცხჳ.

ხოლო დაიმორჩილნა ოვსნი და ყივჩაყნი, და შექმნა კარნი ოვსეთისანი, რომელთა ჩუენ დარიანისად უწოდთ. და არაშენა მას ზედა გოდოლნი მაღალნი, და დაადგინა მცველად მახლობელნი იგი მთეულნი. არა ჴელეწიფების გამოსვლად დიდთა მათ ნათესავთა ოვსთა და ყივჩაყთა თჳნიერ ბრძანებისა ქართველთა მეფისა.

და განვიდეს პაჭანიკეთს, რამეთუ მაშინ მუნ იყო პაჭანიკეთი მოსაზღვრედ ოვსეთისა, მდინარესა მას ოვსეთისასა წიაღ, და ჯიქეთი მუნ-ვე იყო. შემდგომად ჟამთა მრავალთა იოტნეს პაჭანიკნი და ჯიქნი თურქთაგან; და წარვიდეს პაჭანიკნი დასავლით-კერძო, ხოლო ჯიქნი დაემკჳდრნეს ბოლოსა აფხაზეთისასა. და მოტყუენა ვახტანგ პაჭანიკეთი და ჯიქეთი, და შეიქცა, და მოადგა ოვსეთსა-ვე. და მეფენი ოვსთანი შელტოლვილ იყვნეს სიმაგრეთა კავკასისათა. აღდგეს მათ შორის მოციქულნი, და დაიზავნეს. და ითხოვეს ვახტანგისგან ოვსთა, ნაცულად დისა მისისა, ოცდაათი ათასი ტყუე ოვსეთისა, ყოველი უკეთესი, რომელი სახელ-დებით თქუეს ოვსთა. და მისცა ვახტანგ ოცდაათი ათასი ტყუე დისა მისისათჳს, და ესე მოიყვანა.

ხოლო ტყუენი ქართველნი რომელ ჰყვეს ოვსთა ექუსსა მას წელსა, იგი ყოველნი უკ-მოიჴსნნა თჳთო თჳთოსათჳს, და აღიღო მძევალი ოვსთაგან და მძევლისათჳს მისცა სხუა ტყუე ოცდაათი ათასი, და რომელი უკ-მოიჴსნა ტყუე ქართლისა, რიცხჳთ სამას ორმოცდაათი ათასი, და რომელ დარჩა ტყუე ოვსი ამათ განტეობილთაგან კიდე თუალვით ექუსას ორმოცდაათი ათასი თჳნიერ პაჭანიკთა და ჯიქთასა. და ესე ყოველი აღესრულა ოთხ თუე.

მაშინ მეფემან განუტევნა ნიჯადნი იგი სპარსთანი და მეფენი კავკასიანთანი ნიჭითა დიდითა, წარმოგზავნნა დაჲ მისი მირანდუხტ და ტყუე იგი მოველი გზასა დარიალისასა, და თჳთ სპითა დიდითა ქართლისათა წარმოვიდა გზასა აფხაზეთისასა. სულ-გრძელად და უშიშად იწყო ბრძოლად ციხეთა აფხაზეთისათა. რამეთუ მეფე ბერძენთა ლეონ დიდი უცალო იყო ბრძოლისაგან სპარსთასა, და ვერ-შემძლებელ იყო სპათა გამოგზავნად აფხაზეთს; და სამ წელ წარტყუენნა ყოველნი ციხენი აფხაზეთისანი ვიდრე ციხე-გოჯამდე.

და მოვიდა სახლსა მისსა, ქალაქსა სამეუფოსა მცხეთას. გაეგება წინა დედა მისი, და დანი მისნი, და სიმრავლე ქალაქისა მამათა და დედათა მიუფენდეს საჴელთა და სამოსელთა მათთა ფერჴთა ქუეშე მისთა. და აყრიდეს თავსა დრამასა და დრაკანსა, და აღწევნულითა ჴმითა შეასხმიდეს ქებასა; რამეთუ არა რომელსა მეფესა ექმნა ეგე-ვითარი ძლიერი წყობა.

მაშინ ვახტანგ მეფემან შეწირა მადლობა ღმრთისა მიმართ მრავლითა ლოცვითა და ღამისთევითა, და გლახაკთა მიცემითა. და გასცა ნიჭი ერსა თჳსსა, და წარჩინებულ ქმნნა მჴედარნი, მსახურნი მჴნედ და გამოცდილნი წყობასა მას შინა ოვსთასა. და წარსცა ძღუენი ნატყუენავისა მისგან დედის ძმისა მისისა თანა ვარაზ-ბაკურისა: მონა ათასი, ცხენი საჴედარი ათასი, ჴდალი ცხენი ათასი. და კუალად წარსცა წინაშე სპარსთა მეფისა მონა ათი ათასი, ცხენი საჴედარი ათი ათასი, ცხენი ჴდალი ათი ათასი. ესე ყოველი მიუძღუანა სპარსთა მეფესა ჴელითა ბინქარან ეპისკოპოსისათა, და ითხოვა სპარსთა მეფისაგან ასული ცოლად; ხოლო სპარსთა მეფემან მოსცა ასული მისი ცოლად, რომელსა ერქუა ბალენდუხტ. და მოსცა სომხითი და ყოველნი მეფენი კავკასიანნი ზითვად და მისწერა მის თანა წიგნი, რომელსა პატრუცაგსა წერილ იყო ესრეთ:

„ურმისდისგან, ყოველთა მეფეთა მეფისა, ვახტანგის მიმართ, ვარან-ხუასრო-თანგისა, ათთა მეფეთა მეფისა ახოვანისა“. და მოუწერა მან ბრძოლა კეისრისა, რამეთუ კეისარი განსრულ იყო ბრძოლად სპარსთა.

მაშინ ვახტანგ აუწყა ყოველთა სპათა მისთა და ყოველთა მეფეთა კავკასისათა. შემოკრბეს და დადგეს მტკუარსა იმიერ და ამიერ, ვითარ ორასი ათასი და მოერთო ვარაზ-ბაკურ, დედის ძმა მისი, ერის-თავი რანისა, ბრძანებითა სპარსთა მეფისათა, სპითა ადარბადაგანისათა, რანისა და მოვაკანისათა, ვითარ ორას ათასითა მჴედრითა.

მას ჟამსა იყო ვახტანგ წლისა ოცდაორისა; და იყო იგი უმაღლეს კაცთა მის ჟამისათა, და უშუენიერეს სახითა და ძლიერი ძალითა, რომელ ჭურვილი ქუეითი ირემსა მიეწიის, უპყრის რქა და დაიჭირის, და ცხენი ჭურვილი აღიღის მჴართა ზედა და მცხეთით აღვიდის ციხესა არმაზისასა. და მარტო იყო იგი ძე მამისა მისისა, და ერთი დაჲ მისი ხუარანძე-ცა იყო ძლიერი და შუენიერი. და ნათესავისაგან მირიან მეფისა მორწმუნისა ვახტანგ და დანი მისნი დარჩომილ იყვნეს: იგინი იყვნეს ნათესავნი ბაქარ მირიანის ძისა.

ხოლო მირიან და გრიგოლ იყვნეს ნათესავისაგან რევისა, მირიანის-ვე ძისა, და აქუნდა მათ კუხეთი, და ცხოვნდებოდეს რუსთავს ციხე-ქალაქსა. რამეთუ შემცირებულ იყვნეს ურთიერთსა კლვითა.

მირიან მეფისითგან ვიდრე ვახტანგ მეფისამდე გარდაცვალებულ იყო ნათესავი რვა და მეფენი ათნი, და წელიწადი ას ორმოცდაჩჳდმეტი, ხოლო ეპისკოპოსნი წესსა ზედა ჭეშმარიტსა გარდაცვალებულნი რვანი, ხოლო სხუანი შემშლელნი წესისანი.

დიმიტრი უზნაძე – ცხოვრების აზრი ( ფრაგმენტები )

ჩვენი დანიშნულების ობიექტური ხასიათი, კაცობრიობის ისტორიული წარსულიდანაც ნათლად ჩანს, თორემ რად იქნებოდა ჩვენთვის უკვდავი თემისტოკლე და ფიდიასი, არისტოტელე და პლატონი, ალექსანდრე და ნაპოლეონი, რომელთაც გაცილებით უკეთ შეეძლოთ მოეწყოთ თავიანთი პირადი ბედნიერება. მაშინ მათ მაგიერ კაცობრიობის გმირთა პანთეონში პირველი რიგი დათმობილი ექნებოდათ ალკიბიადესა და კრასუსს, კატილინასა და ლუკულუსს, მაშინ მაჰმადი და ბუდა, კონფუცი და ქრისტე თავს დახრიდნენ ეპიკურესა და არისტოკრატ რომაელთა წინაშე, რომელთა ცხოვრება მუდამდღე განცხრომა იყო, მაგრამ კაცობრიობა ამათ წინაშე როდი იხრის ქედს, ამათ სახელებს როდი აღბეჭდავს ოქროს ასოებით თავის მეხსიერების დაფაზე.მას უფრო ისეთნი აინტერესებს, რომელთა ცხოვრება პირად ბედნიერებას კი არ მისდევდა, არამედ ობიექტური შინაარსის შემოქმედებას ემსახურებოდა. მხოლოდ ასეთთა ცხოვრებაა ჩვენთვის საყურადღებო და ისიც იმდენად, რამდენადაც ისინი ამ ობიექტური შინაარსის შემოქმედებას ეწეოდნენ.
ამიტომ კაცობრიობის მთელი ისტორიული წარსული შემდეგი სურათის სახეს იღებს. წარმოიდგინეთ უდიდესი ბალავერი, რომელზეც უნდა აიგოს დიდი ნაგებობა და ამ ბალავრის გარშემო მილეთი ხალხი, ათასი და ათიათასი ადამიანი ირევა ამ მომავალი შენობის საფუძველზე. ზოგს მძიმე ლოდი გაუდვია ზურგზე და ბალავრისკენ მიისწრაფვის, მეორე კირს და სილას ეზიდება იმავე ადგილისაკენ, ზოგი კიდევ გარს დახვევია ბალავერს და ნიჩბითა და ჩაქუჩით, ლომებითა და ბარით მოძრაობის კორიანტელს აყენებს მის გარშემო. ამ ადგილიდან ცოტა მოშორებით, იქვე გაშენებულ ბაღში კი მრავალი, ფერადებში გამოწყობილი ქალი და კაცი მხიარულების ჟრიამულებით, ცეკვითა და სიმღერით განცხრომას მისცემიან. მათ სახეს სიამოვნებისა და კმაყოფილების ბეჭედი აზის და ისინი განცვიფრებით და დაცინვით მისჩერებიან იმ საკვირველ ადამიანებს, რომელნიც იქ რაღაც არაჩვეულებრივი ფუსფუსით ბალავერს და რაღაცას აშენებენ; რატომ და რისთვის რომ კითხოთ, თვითონაც ვერ გეტყვიან. ამიტომაც მათ სულელებად და გიჟებად მიაჩნიათ ის ადამიანები, თავიანთ ორი დღის სიცოცხლეს ასე უაზროდ რაღაც შენობის აგებს რომ ანდომებენ.
ჩვენი ისტორიული წარსულიც სწორედ ასეთი მუშაობაა. ჩვენც გვაქვს ასაგები რაღაც დიდი შენობა, რომელიც ჩვენს წინაპრებს დაუწყიათ და შემდეგ მისი დამთავრება ჩვენთვის გადმოუციათ. ამგვარად, დაბადებიდანვე დაყოლილი გვაქვს თან ის დანიშნულება, რომელსაც მთელი ჩვენი ძალ-ღონე უნდა მოვახმაროთ. ჩვენი მოვალეობა ამ სახით იმთავითვე განსაზღვრულია. გასაკვირი არ არის იმიტომ, რომ ჩვენი ცხოვრება ინსტიქტურად მხოლოდ ისეთ პიროვნებებს თვლის ყურადღებისა და თაყანისცემის ღირსად, რომელნიც მთელ თავიანთ ძალ-ღონეს ასეთი შენობის აგებას ახმარენ, ხოლო ისეთნი, რომელთაც ამგვარი შენება სისულელედ და სიგიჟედ მიუჩნევიათ, რა გასაკვირია, რომ ჩვენი მეხსიერებიდან უგზოუკვლოდ ქრებიან.

Saturday, November 3, 2012

...

დატვირთული და დახუთული ქუჩიდან ჩადიხარ ქვემოთ, ხალხის რაოდენობა მცირდება, მაგრამ იზრდება საინტერესო დეტალები, რომლებზე დაკვირვება რაღაცნაირად გიზიდავს.

ესკალატორი. საწინააღმდეგო მიმართულებით მიმავალი ხალხი, ყველა განსხვავებული. პეპელა გოგონები, თეთრ “საროჩკიანი” და “რუგზაკიანი” რამდენიმე ერთნაირი ბიჭი, დედა კიკინებიანი ბავშვით. ორი მოხუცი ქალი რაღაცას განიხილავს, ერთი გოგო პატარა სარკეში იყურება და პომადას ისწორებს, ტუჩების მოძრაობით რა თქმა უნდა.

ამ დაკვირვებაში გართულს ვიღაცა აუცილებლად დაგეჯახება, კიბეებზე ჩარბის. უკან კიდე ვიღაც გემრიელად მოკალათებულა ერთ-ერთ საფეხურზე.

მოკლე და საინტერესო პერიოდი მატარებლის მოლოდინში. რატომღაც სასიამოვნო სუნი, სულ კიდესთან დგომა სასიამოვნო მუსიკის ფონზე და წათამაშება სიმაღლის შიშთან, რელსებზე დაკვირვება.

ჰაერის სწრაფი მოძრაობის შეხება და ამისგან გაწეწილი თმა, ვერაფრით რომ ვერ იმორჩილებ.

რუსთაველი. შემდეგისადგური – მარჯანიშვილი.

ხალხით გაჭედილი ძველი ვაგონები.

ქერად შეღებილ ქალს ჩასძინებია. მის გვერდით დედა-შვილი სხედან. დედას ბავშვის სასკოლო ჩანთა მუხლებზე უდევს, გაშლილი ხელი ნიკაპქვეშ ამოუდია და ჩაფიქრებულა. ბავშვი ფეხებს აქანავებს.

“სმენადახშული” ადამიანები და ინტერესი მათი მუსიკისადმი. აბსურდული ვარაუდი, რომ არც ერთ მათგანს არ ექნება ერთი საერთო მუსიკაც კი.

ვაგზლისმოედანი. გადასასვლელიმეორეხაზზე.

გარბიან, გეჯახებიან… საპირისპიროდ და შენი მიმართულებით… ალბათ უმრავლესობას არც ეჩქარება და აქაც ბრბოს მომენტია – ერთი გარბის და დანარჩენები მიყვებიან.

ფეხს არ უჩქარებ, სეირნობა მეტროშიც სასიამოვნოა.

ბოლო წამს წასული ბოლო ვაგონი და ცხვირწინ დახურული კარი. არ განაღვლებს, რაღაცნაირად გიხარია კიდეც.

ორი გოგო “პადრუჩკით”. ერთს თეთრი, ფუშფუშა და გრძელი ქვედაბოლო აცვია, “საროჩკაც” თეთრი. დიდი, ლურჯთვლიანი საყურე უკეთია და თვალები წარბებამდე შეუღებია. თმები გადაუწევია და თავზე სათვალე “დაუბრძანებია”. ხელზე უცნაური ბიჟუტერია უკეთია, რომელიც არაჩვეულებრივად ავსებს დეფორმირებულ კლატჩს. გრძელი ქვედაბოლოს ქვეშ შავი ფეხსაცმელი ეფექტურად იმალება, მხოლოდ მის ფერს არჩევ და კვდები ინტერესით როგორია.

ხალხის რაოდენობა იზრდება და შესაბამისად დაკვირვების ობიექტთა რიცხვიც. მატარებლის მოსვლა და ჩაშლილი გეგმები, თვალის დახამხამებაში (ალბათ ამ სიტყვის ყველაზე ზუსტი მნიშვნელობით) შევსებული ვაგონები.

ფანჯარასთან დგები და საკუთარ გამოსახულებას აკვირდები. მალევე გბეზრდება და ცდილობ სხვა რამე შენიშნო სიბნელეში, ფანჯრის მიღმა. რაღაც თეთრი მილები, ბევრი… მეტი არაფერი.

ისევ ხალხი. კიდევ ის თეთრი გოგო, ფეხზე დგას და ფეხსაცმელს კვლავ თეთრი ქვედაბოლო უფარავს.

ჭაღარათმიან ბებოს თმები შუბლის მიდამოებში დაუმაგრებია და რუსულ გაზეთს კითხულობს.

არც ისე სიმპათიური წყვილი რამდენიმე თვის ბავშვთან ერთად მგზავრობს. ბავშვი მამის მუხლებზე არხეინად გადაწოლილა და გემრიელად სძინავს. დედა თვალს არ აშორებს.

მზერა, მწვავე. მისი პატრონის წამიერი შეფასებისთვის ჯერ ხელებზე, მერე რატომღაც ფეხსაცმელზე დაკვირვება. ორი მინუსი და ერთი ცალწარბაწეული მზერა. დამკვირვებელი ხვდება, რომ დროა სხვას დაუთმოს მისი მაღალი ყურადღება.

უცებ მოსული აზრი, რომ შენც შეიძლება იყო არამხოლოდ დამკვირვებელი, არამედ დაკვირვების ობიექტიც. ქვეცნობიერად იყურები ვაგონის ფანჯარაში, სარკის ფუნქციას რომ ასრულებს.

ცივი და გაყინული მზერა, უამრავი… ხვდები, რომ უკვე შეგიძლია უხერხულად არ შეიშმუშნო და არც სხვა მხარეს გაიხედო.

ერთ გაჩერებაზე მოსული მესიჯი და მეორე გაჩერებაზე გაგზავნილი პასუხი. ამ მესიჯისგან გამოწვეული ღიმილი და უფრო მეტი მზერა.

სასიამოვნო მელოდია ყურში, რელსებზე მოძრაობის ხმის ჩახშობის ფუნქციით.

ბოლო გაჩერება და გასასვლელში კიდევ ერთი გაბრძოლება სწრაფად მოძრავ ჰაერთან, ამის გამო კვლავ გაწეწილი და პირველივე ვიტრინაში გასწორებული თმა.

ქართული ჟარგონები ძველ ქართულად


აბაროტის აღება - ნაცვლის მიგებად მცდელობა
აბიჟნიკი - წყენის მთესველი
აეწელა - ფიცხად წინა აღუდგა
ავარდნა - ჟინთ აშლა
აიწია - ფრიად განკჳრდა
ამტუტება - წესთ აღრევა
ანტიფრონცკი - ზმანითა მოამაყე, გინა კოხტაპრუწა
არიფი - ჰარიფთან ნახე
არღნის ჩიტი - მუდმივ სტუმრობისა და ცეკვა-თამაშის მოყვარულს დიაცზედ იტყჳან
ატაშოლი - ძმადნაფიცისა ძმობითგან განზიდვა
აუდე - წარსვლისათვის უკმეხი მოწოდება
აყლისთავება - ესე არს მუშტის შემოკვრით ყირამალა გარდასლვა; ანუ ფეხისა აცურებით ზურგზედ დაცემა;
გარნა აყლისთავებას უეცარი, გინა უცხო შეგრძნებისაგან თავბრუ დახვევაზეც იტყჳან
აჩათლახა - სახეზედ მუშტი ჰკრა
აწევა - თანა წარსაღებად თუ წარსაყვანად მობოჭვა
ახევა - წართმევა მძლავრისაგან
ახვევა - წარსლვა უპატიურისა
ახუჲლიშ - ოღონდაც
ახურუშებული - ქუჱნა გრძნობათ აყოლილი


ბაზარი - სიტყუა-პასუხი
ბაზრის შეყვანა - რა პირისა მოსაშინჯად სიტყუა განფინო, დაბაზრებასთან ნახე
ბაზარში წამოიკიდა - საუბრითა მტყუვან-ჰყო
ბათქი - ურთიერთ საშუღლო პაემანი
ბაიანი - ნემსიანი ჭურჭელი
ბაითი - ებრაელთა ენით: საყოფელი საბინადრო
ბაირამობა - აწ: შუჱბა ჴორციელი
ბალამუტი - აღრევის მოწადინეთა ჴმიანობა
ბანძი - ცუდუბრალო
ბასიაკი - მდაბალი მემთვრალე
ბაცანა - ლაწირაკი
ბაცნობა - უწვერულთ ყრმათა ლაღობა
ბესპონტაობა - საქნელთ ვერ-მოპოება
ბესპრიდელი - წესთ თაკილობა
ბირჟა - ესე ოდეს ყმანი საფიხვნოდ შეიყრებიან, უშვერებენ და ამპარტავნებენ
ბლატავი - გულ მაღლად საუბარი
ბლატი - ამა ქუჱყნის უაღრესისა მარგებლად ყოლა
ბოი-ფრენდი - ენგლიზელთა ენაზედ კუროსა ჰქვიან, სიძჳთ მტრფიალებელი
ბოლი - თრიაქთ წვისა მშრალი ნისლი
ბოლო პასადკა - დასკუნა რაიმესი; კვალად უწოდენ, ოდეს მეძავი გათხოვდეს



გააბლატავა - თჳსზედ უმცროსსა მედიდურებისათვის მწედ ეყო
გაბაზრება - ზურგთ-უკან რაიმესი მხელა, გამსკდართან ნახავ
გაბლატავდა - გული მოიცა
გაგება - წესი, მოძღურება, რომელ არს:
გაგება ქურდული, გინა შავი, ანუ წესი ავაზაკთა;
გაგება ქალაქური;
გაგება ძველი, ანუ ამპარტავანთ შეჯიბრება;
გაგება კაცური, გინა ვაჟკაცური, მრავალ ქურდულ დოგმატთაგან განწმენდილ;
გაგება ქუჩური, ბირჟის კვრისა წესი;
ესრეთ მოვალს გაგებისა კვალად მრავალი სახელი, აქა ესე ვიკმაე
გადაახტა - თავზედო, ამბობენ, ესე ვითარ არა ნიშნეულ ჰყო; კვალად მრავალ-ნაცადზედ იტყჳან ათას ყლეზედ გადანახტომს
გადირკვა - ვისიმე ფეხებ შუა ბურთისა გაძვრინება
გაედო - ფინთად დაენძრა
გათავება - თალიისა განსრულება
გათევზდა - რა მცირეს პირობასა გარდაჳდეს სხუათა უზიანებლად
გაკუზვა - წახრილისა ტყუნა
გალუბოი - სხუათა ენაა, ცისფერთან ნახე
გამაზვა - თჳსის ჰაზრის სისწორისა თავდებობა. რა ორთა გამმაზავთა შორის ერთი გამტყუვნდეს, გამტყუვნებულმან ფულითა გინა სხჳთა ზღოს;
გამაზვა სხუა არს პონტისაგან მოკლება;
არს ოდესმე გამაზვა ქრთამის მიცემაცა
გამოყლევება - დია მძიმე სიბრიყვე
გამოყლევებული - გამოყლევება ქმნილი
გამსკდარი - ურთიერთას თქმული, ამბავზედ იტყჳან, ხოლო განიყოფებიან ესე ვითარ: გაბაზრებული, რაჲცა არს ჩუმად გამხელილი და გახეთქილი, რაჲცა არს გამხელილი შფოთითა
განაბი - ქურდთაგან ბაძის ამღები
განდონი - საწულოთ საპყრობი; კვალად: კაცი ვერაგი
გაპროჭვა - ცემითა და მემთვრალეობით უგონობა
გაჟიმვა - მიწოლით მოტყუნა
გასაღება - ქირით მოკლვა
გასრიალდი - შენს მალ წარსვლას ვლამი
გარეკილი - ჭკვა მხიარული
გასროკვა - სროკზედ წარგზავნა
გატანა - ჭერ-ქუეშ ცარცვა
გატისკვა - უპატიური წურთნა
გატრაკება - უმიზეზოდ შფოთისა მოწადინება
გატრაკება საქმისა - საქნარისა დია გაჯანჯლება; გინა შეწუხება ფრიად ვინმესი
გატყდომა - წყენასავით
გატეხილშია - ხასიათ შემუსვრილია
გაუჩალიჩა - ავი შემართა
გაფრენა - ჭკჳთგან გარდასლვა
გაჩითვა - ჩუმი გაშინჯვა
გაჩითვა - წარმოჩენა
გაჩხერა - ძარღუთა შიგან ნემსისა წიაღყოფა
გაცვეტება - რაიმესი გამოწულილჳთ განხილვა. ხოლო გაცვეტებანი ესრეთ განიყოფიან:
უკეთუ კაცი რასმე ვინმესაგან საუბრით შეიმეცნებს, გაფაიზაღებად იწოდების;
ოდეს თუალითა თჳსით ჰნახავს, გინა გონებითა მიჰხვდების, გაიასნებად უჴმობენ.
გაწელვა - ბაითისა; ბაითი გაწელაო დიდის სახლის მაშენებელზედ ამბობენ
გახეთქვა - ქალწულთ შერყუნა
გახეთქვა - გამხელასაჳთ, გამსკდართან ნახე
გახურება - შუღლთ საბაბისა ძიება
გოიმი - კაცი მცირის დაბითგან ქალაქსა ჩასული, გარნა მუნ მკჳდრობისა ვერ-შემშუჱნებელი
გრევი - უსრული პადაგრევისაგან
გრეხი - კაცის მიმართ შენაცოდი რაჲმე;
განჰყოფენ საქციელთა, რაჲც გრეხია და რაჲც არ არის; ესრეთს გრეხსა გაგებაში ჩაჭრად უწოდენ, უკეთუ მძიმეა შეცოდებაჲ და ტეხავსო იტყჳან, ოდეს მცირედი შესცოდა
გულავი - თჳსისა სურჳლისამებრ დროის გატარება,
გარნა გულავი დედათა არს მიმო ტყნაური



დააბრეხვა - როყიო სათქუმელი თქუა
დააგოიმა - შეტყუილის დაჯერება აქმნია
დააზანგა - საქნელი რამე შეადვა
დაამუღამა - მუღამეულ-ჰყო
დააცმევინა - განაძო
დაახეთქა - ულოდნელი ისიტყუა რაჲმე
დაახუილა - ძლიერ დაარტყა
დაბმა - ერთმან რომ მეორე რაიმეზედ დაიყოლიოს
დაბაზრება - ტკბილმოუბარობით პირის მოშინჯვა, რომელ არს:
ბაზრის შეყვანა, როს დამბაზრებელი სათქმელის თქმულობას შეპარჳთ განაძლიერებს;
ბაზრის შეგდება, თუ რომ იგივესა დაკვრით იქმს
დაბოლება - ბოლით დაბანგჳსათჳს მეცადინეობა
დაბოლილი - ბოლითგან დაბანგული
დაბრედა - ამა სოფლითგან მიფარვა
დაგინება - ბილწითა ენითა აღკრძალვა რაიმესი; გინა ბილწი ფიცილი
დაგრუზვა - გუემით ფიქრმეტყუჲლება
დადება - დატევებაზედ ამბობენ:
იქმან დადებასა, ოდეს ერთმან მეორე დაუტევოს თავისა თჳსისა ანაბარად;
იქმან დადებასა, ოდეს ერთი მიჯნური მეორესა დასცილდეს;
ხოლო ერთი მეორესა რა შეჰპირდეს, გარნა ბოროტ განზრახულებით უპიროდ დასტოვოს, ესე ვითარს დადებასა ჰქჳან გადაგდება
დაენძრა - ფრიადი შეჭირვება ეწყო
დავასება - თუალ შევარდნით სიამე
დაზაგაჟნიკება - მოზაგაჟნიკება გასწავლის
დაიადა - თჳსს კერძოდ ჰყო
დაიზეთა - უარისათჳს საბაბი შეუჭირდა
დაიწვა - ვერ დაფარულ ეყო
დაკიდება - საფიქრალითგან განდევნა
დალივერება - თუალ-თუალის ყოფა
დაპადაგრევება - პადაგრევისა მიძღუნა
და რამე - რაჲც მისთანა; ყოველთა შემდგომად ესრეთ მოვალს: დაინახა და რამე, მიესალმა და რამე, უერთგულა და რამე და სხუანიცა
დატყვნა - ნაჩუმათარზედ წასწრებასა ჰქჳან საქციელზედ დატყვნა; რა კაცმა სიავე ჩაიდინოს, მიმალვა სცადოს და მდევრისაგან გაუცუდდეს, ესე არს ცხელ ფაქტზედ დატყვნა
დაუაბგონა - უკანა კერძად ჰყო
დაუადა - მცირედი ძღუჱნი მიართუა
დაურტყა - ულოდნელი საქციელი უქმნა
დახვოსტვა - კუდში მოლალეობა
დერსკობა - ამაყთ წარბ მაღლობა
დილიხორი - გამხელილი ხუაშიადი
დობრად - ძალთ უტანებელად



ეე! - ესრეთ იზრახვიან ჟამსა განკჳრვებისასა, ანუ გახარებისასა, ანუ იმედის გაცრუებისა გინა გარდაწურჳსასა; გარნა სხუაჲ არს ოდეს ესე ვითარად უამურს მოუწოდებდნენ ვისმე



ვაზვრატი - არა გამოსასყიდი, რომელ არს წარტაცებულის სულიერის მოყუანები-სათÂს მოთხოვნილი, არამედ ნაცარცჳს მოქცეჳსა სასყიდელი
ვალის დადება - მცირედის მადლისა ყვედრება
ვაჟნი - ცუდმედიდი
ვაფშე - ყოვლით კერძო
ვეში - ესე არს ავეჯი სახლისა და ჭურჭლეული, რაგინდრა (გლეხურად); კვალადვე ვეშად იწოდების თჳთეული ცალკე უსულო საგანი, ესრეთ, რომ უკეთუ რამე მოსწონთ, ამბობენ: მაგარი ვეშიაო.
ვზროსლი - წამოზრდილი, ესრეთ უმცროსნი ჰასაკითა თჳსზედ უფროსს იხსენიებენ



ზაიობი - ჯიუტი ახირება
ზაპოი - ესე ქართულად ანკანაკებაჲ არს, ზედიზედ ნადიმსა და სიმთვრალეს ნიშნავს
ზასი - ღია პირითა ურთიერთის კოცნა
ზასაობა - ზასთ გადაბმულობა
ზასკოკებიანი - ხუშტურთ ამყოლი
ზახოდი - მსხდომთაგან წრეში მოსატარებლად სამყოფელი რამ
ზონა - ავაზაკთ შესაწყუდეველი
ზუბი - ფარული ჯავრი


თალია - უწინ ძაძის ტომარას ერქუა, გარნა აწ სათულელი არს უწყაო: ესე ვითარ ერთი თალია იტირა ანუ ბევრი უტირნია, ერთი თალია გაათავა რა მამრმან მდედრისა ჟინი ერთგზის აისრულა
თესი - მიმალვა მეყუსეული
თესლი - ჭკჳსა ბოროტად მომხმარი
თითის მიცემა - საქნარის ქმნისათჳს ვისიმე კვალად იძულება (მდაბიურად)
თირვა - ქუჱშით ცქერა
თომარი - სიტყჳთ შექცევა


იაზვა - მწარედ მსიტყუჱლი
იასნი - თუალითა დანახული
იზმენა - რისამე ვერ-ყოფისათჳს გულისა ძრწოლა
იდეინი - ჰაზრით მაცხოვნე
იპარავს - სახელკეთილის დიაცის ქუეშ-ქუეშ ტყნაურობაზედ იტყჳან
ისპალნიტელი - ავისა გამეტებულად მოქმედი
ისტაბლიშმენტი - ერთობა დამკჳდრების მოსურნეთა
იუზგარი - ზნე-კეთილი


კაიფი - სიამე აღმატებული; გინა მიუმხუდარისა დაცინვა
კატაობა - ნარნარად სრბოლა
კიმარი - გაბრუებულის კაცისაგან თავის კანტურზედ იტყჳან
კიშკაობა - მომეტებულის საჭმლისა შექცევა
კლიჩკა - სხუათა ენაა: ცხოველთ საწოდებელი
კონტრა - მომტერე, მეშუღლე
კუტუ - მომცრო ყლე
კუში - ფულად მისაღები


ლ - ესე ბგერა, ზედა კბილთ თანა ენის წუერვალის მიტანისა შემდგომ საშუალ ენით წარმოთქმული, არს ნიშანი მდაბიორობისა
ლაწირაკი - ერთი წვრილფეხა გოგო ბიჭ-თაგანი
ლევი - არმად ნაშოვნი


მაზი - უსრული მაზიანისაგან
მაზიანი - გამაზვისა ქმნა
მაიაკი - ნიშან-ყოფა
მამაშა - მეძავთ სარქალი
მანაგუა - თრიაქის ფაფა
მანდრაჟი - სულთ ფორიაქი
მარიაჟი - თჳსის პეწისა დია მოყვარული
მასტერკა - პლანი თითისებრ გახვეული (მოსაწევად)
მასტი - რისამე თანხუედრად კეთილი
მაყუთი - ნაღდი ფული
მახატია - არად მიჩნს
მეპირე - მინეტის მქნელი მდაბიორი
მესნი - ამა ადგილთა მობინადრე
მეტრაკე - ცისფერთან ნახე
მეშჩანი - ფუყე სვეტი
მიირთვა - ცთომილება ჰყო, ჭამასთან ნახე
მინეტი - საწულოთ პირთან მიხუნა
მიცემა - რა მდედრი მამრსა თანა-ეყოს; გარნა ტრაკის მიცემა არს დათმობა უგვანი, გინა მრუშებაჲ შორის მამრთა
მოზაგაჟნიკება - თადარიგად ქონა
მოზგი - ბევრისა მცოდნე, თუმც არა-ბრძენი
მოკეტვა - მყუდროდ შთენა
მოკრახვა - სიძუნწითა მალვა
მომჭამე! - მუქარაზედ პასუხი, რაჲცა არს: ვერა გამიწყო-რა, ვერას გამიხდე
მოჟოშკვა - მოკრახვავე
მოსმა - ვინმესთჳს სახელის საჯაროდ შემწიკულა; მოსმადვე იწოდების, ოდეს ერთმან მეორეს მკაცრად მისი ადგილი მიუჩინოს
მოტყდომა - მოხევასთან ნახე
მოქესტვა - ნაჩქარობისათვის რაიმესი ვერ-სრულად დამალვა
მოღუნვა - მაყუთის დასქელება
მოყომარება - შეგონებით დარწმუნება
მოწვა - ზრახვასა მიუხვდა
მოხევა - სრბოლად სწრაფვა; კვალად: თჳსი ან სხუისი მოშორება თუალსაწიერითგან; მოხევადვე სახელდებენ ვინმესგან ულოდნელად მჭევრის სიტყჳს მბობასა
მოხსნა - სათაჳსოდ გაიხადა
მუღამი - გულისთქმისა პასუხი



ნაბოზვარი - ფლიდს, მზაკვარს კაცზედ იტყჳან
ნაკოლი - ერთს ცარცვათაგანზედ წაქეზება
ნარკუშა - საკურნებელთა ავად მხმარებელი
ნაროდი - ხალხი მდაბიორი, ვიეთნი სბროდად უმობენ
ნასედკა - ავთა მსტოვარი
ნაშა - დიაცი წვრილფეხა, გარნა პირკეთილი და ტანკენარი
ნაჩათლახარი - ჩათლახად ნამყოფი
ნახალკის შეტენვა - უბრალოზედ ცოდჳს შეთხზვა
ნივიჟუს დარტყმა - შეჴუჱდრისას პირისა მორიდება
ნძრევა - საწულოთი ხელსაქმება




პაბეგშია - მალვით სუფევს
პადაგრევი - არა მცირედი ძღუჱნი
პადიეზდი - სადარბაზოსაჳთ, გარნა დია უწმინდური
პადლიზა - პირ-მოთნე
პალაჟენია - უფროს-უნცრობისა რიგი
პასტაჲანკა - მამრისგან შებღალული წაწალი
პაცანა - ბაცანასთან ნახე
პიარი - ხალხთ დარწმუნების მეცადინობა:
შავი პიარი არს სხუათა ბიწისა მუდმივ ჩინება;
თეთრი პიარი თჳსის კეთილობისა სხუათათჳს ჩიჩინია;
ყვითელი პიარი არს თითხვნა ჭორთა
პლანაქეში - თრიაქისა გარდამეტებით მწეველი
პლანი - ესრეთ ითქმის რა მორჩნი კანაფისა გაახმონ და დაფქუან; სხუა შეკეთებასთან ნახე
პლეტი - იჩქითი განრიდება გინა ოტება შეშინებულისა
პოზდნი - ხანის დამზმელი
პონტი - უცაბედი საქნარი
პრავი - მართალი მარწმუნებელი
პრაკოლი - ვენაზედ ნემსით განაჴურეტი
პრაშმანდოვკა - დიაცი სხუათა და სხუათა მამაცთა თანა დია მყოფი, გარნა საფასურისა არა მთხოვნელი
პრეტენზიული - აჯისა ბრძანებად მომაქცეველი
პრიკოლი - უნდილ საღრეჭი
პრიკუპი - ქაღალდის თამაშისას ერთის წრიულის მოხვეჭა



ჟიმჟიმი - ტრაკის ცახცახი
ჟოპასტენკა - პანღურის ამორტყმით თამაშობა უგვარი, ბაცნები იქმან


რიჟა - მრუდე, გინა პირუმტკიცი
როჟა - კაცი უამური
როჟის კერვა - მწუთხის სახისა შეკუჱ